ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის თასი რუსთავმა მოიგო
Aa
Aa

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის თასი რუსთავმა მოიგო

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებული  საკალათბურთო კლუბი რუსთავი გახდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიურ ქალაქ ქუთაისში, დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში კაკტუსი 89:86 დაამარცხა  და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტიტულს დაეპატრონა.

რუსთავი, რომელიც სოლიდური შემადგენლობის გამო სეზონის დასაწყისიდან ითვლებოდა ფავორიტად, თუმცა ამ სტატუსს ვერ ამართლებდა, უცხოელი მწვრთნელის წასვლის შემდეგ წელში გაიმართა, შედეგები გამოაკეთა და აგერ, უკვე, პირველი ტიტულიც მოიგო. რაც მთავარი მწვრთნელის სადავეები გეორგიოს კეცელიდისისგან გადაიბარა, ანატოლი ბოისა ზედიზედ 7 მატჩია, იგებს. ამ შედეგიანი სერიის ბოლო 4 შეხვედრა მემორიალის გახლდათ და დიდი პაუზის შემდეგ რუსთაველებმა დამსახურებული თასით გაიმდიდრეს საკლუბო მონაგარი. შეგახსენებთ, რომ 2006-2010 წლებში, როცაენერჯი-ინვესტისსახელით ასპარეზობდა, რუსთავულ გუნდს საქართველოში გათამაშებული ყველა ტიტულიჩემპიონობა, თასი, დუდუ დადიანის და ქორქია-საკანდელიძის მემორიალებირამდენჯერმე აქვთ მოგებული.

ფინალური მატჩი არ გამოდგა რუსთაველთათვის იოლი. სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ კაკტუსი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. უმთავრესი შენაძენი არჩილ ჟღენტის გუნდისთვის გახლავთ ამერიკელი უკანახაზელიმაიკ დევისი, რომელიც ქულების მკეთებელი მანქანაა და ამავდროულად დაცვაში და გამთამაშებლად თამაშიც შეუძლია. მისი შედეგიანობით კაკტუსელებმა 21-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს, სადაც 4 ქულით გალიდერდნენ – 84:80.

რა თქმა უნდა, მხოლოდ დევისი არ იყო კაკტუსელების შეუპოვარი თამაშის მიზეზი. მას შემდეგ, რაც მე-3  პერიოდში თითქმის უიმედოდ – 35:56 ჩამორჩა, ჟღენტის გუნდმა მობილიზება შეძლო და თამაში თანაბარ კალაპოტში ჩააყენა. კაკტუსელებმა 22:8 მოიგეს მესამე პერიოდი და ბოლო ათწუთეულს მინიმალური ჩამორჩენით შეხვდნენ.

რუსთავის მთავარი დამსახურება კი ის გახლავთ, რომ მიუხედავად ასეთი სოლიდური ლიდერობის განიავებისა და ოვერტაიმში ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩენისა, გუნდი არ გატყდა და გამარჯვებამდე მივიდა. რუსთაველებს ძირითადი დროის ამოწურვამდე გაუვარდათ ერთ-ერთი დომინანტი ილია ლონდარიძე და ამას დაუმატეთ ისიც, რომ გუნდს ტრავმების გამო ეროვნული ნაკრების 4 წევრ-კანდიდატიმერაბ ბოქოლიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, ოთო ფხაკაძე და გეგი ბაქრაძე აკლდა. 

ასეთ ვითარებაში თავისი სიტყვა თქვა სუპერლიგის მოწინავე უკანახაზელთა სიაში შარშან შესულმა საბა ლობჯანიძემ და რა თქმა უნდა, უგამოცდილესმა აკაკი დვალიშვილმა. ლობჯანიძემ რუსთაველებს უაღრესად საჭირო ქულები პერიმეტრიდან შესძინა, ხოლო დვალიშვილი ნიკოლა ტადიჩთან ერთად ფარქვეშეთს ამაგრებდა და ამით რუსთავი დიდ სარგებელს იღებდა. უმნიშვნელოვანესი იყო გიორგი ცეკვავას და განსაკუთრებით დენზელ ლივინგსტონის როლი. ამერიკელი უნივერსალი ყველა რგოლში გამოირჩა – 14 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა. 

ტუნირის საუკეთესო ფორვარდად საბა ლობჯანიძე დასახელდა, რომელმაც ოვერტაიმში 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისი ბოლო ზუსტი საჯარიმოს შემდეგ 3 ქულით ჩამორჩენილ კაკტუსელებს 1.7 წამი და უფრო ღირებულიწუთშესვენება დარჩათ. წუთშესვენების უპირატესობა ის გახლდათ, რომ მეორე საჯარიმოს მიღების შემდეგ კაკტუსელებს შეტევის დაგეგვმის და ბურთის თამაშში მეტოქის ნახევრიდან შეტანის საშუალება მიეცათ. საჯარიმოს აცილების შემთხვევაში კი კაკტუსის მოთამაშეებს საკუთარი სამწამიანიდან შესატევად არც დრო დარჩებოდათ და არც შეტევის იმპროვიზაციის ვარიანტი.

წუთშესვენების შემდეგ, გადამწყვეტი, გამთანაბრებელი სამქულიანი მაიკ დევისმა ააცილა და რუსთავის გამარჯვებაც გადაწყდა. დაჯილდოვების ცერემონიალზე ქვემოქართლური გუნდის მთავარი მწვრთნელიანატოლი ბოისა შესაბამისი სიგელით კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმაალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა. საუკეთესო ფორვარდად აღიარებულ საბა ლობჯანიძეს პრიზი ვეტერანმა კალათბურთელმაგივი ბიჭიაშვილმა გადასცა, ხოლო უკანახაზელად კაკტუსის ახალწვეულიმაიკ დევისიდ  რომელიც ვეტერანმა ნოდარ ქორქიამ დააჯილდოვა.

მთავარი პრიზიზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის თასი რუსთაველთა კაპიტან ლევან ცეკვავას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმაპაატა გურასპაულმა გადასცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები