პრემიერ ლიგის 9 რეკორდი, რომლის დამყარებაც „ლივერპულს
Aa
Aa

პრემიერ ლიგის 9 რეკორდი, რომლის დამყარებაც „ლივერპულს" შეუძლია

მიმდინარე სეზონში იურგენ კლოპის „ლივერპული“ შესანიშნავად გამოიყურება. მერსისაიდელებმა პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული 20 შეხვედრიდან 19 მოიგეს და ერთადერთი ფრე მოსისხლე მტერთან, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ითამაშეს.

„წითლები“ მეორეადგილოსან „ლესტერს“ 13 ქულით უსწრებენ და კარგი შანსი აქვთ ჩემპიონები 1990 წლის შემდეგ პირველად გახდნენ.

საჩემპიონო გზაზე „ლივერს“ პრემიერ ლიგის რამდენიმე რეკორდის დამყარება შეუძლია.

საუკეთესო სტარტი 21 თამაშის შემდეგ

20 ტურის შემდეგ „ლივერპულის“ ანგარიშზე 58 ქულაა. მერსისაიდელებს „სიტის“ რეკორდის გასაუმჯობესებლად „ტოტენჰემთან“ გამარჯვება სჭირდებათ. 2017-18 წლების სეზონში „ქალაქელებს“ 21 ტურის შემდეგ 59 ქულა ჰქონდათ.

საკუთარ კედლებში ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობა

2011-12 წლებში „მანჩესტერ სიტიმ“ „ეტიჰედ სთედიუმზე“ ზედიზედ 20 მატჩი მოიგო. დღევანდელი მონაცემებით „ლივერპულს“ „ენფილდზე“ მიჯრით 18 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მოგება „მანჩესტერთან“, „საუთჰემპტონთან“ და „ვესტ ჰემთან“ და რეკორდი მათია.

ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობა

„ლივერპულმა“ სასურველი შედეგი მიჯრით 11 შეხვედრაში დააფიქსირა. „წითლებს“ „სიტის“ რეკორდამდე 7 მოგება აშორებთ.

ყველაზე მეტი შეხვედრა მარცხის გარეშე

არსენ ვენგერის „არსენალმა“ 2003-04 წლებში 49 შეხვედრა არ წააგო. კლოპის „ლივერპულის“ ანგარიშზე კი ჯერჯერობით 37 წაუგებელი მატჩია.

ყველაზე დიდი დრო მარცხის გარეშე

იმავე „არსენალმა“ მარცხის გარეშე 537 დღე გაძლო. „ლივერს“ ამ რეკორდის დამხობა მიმდინარე გათამაშების წაგების გარეშე ჩამთავრების შემთხვევაში შეუძლია.

სეზონში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობა

პეპ გუარდიოლას „სიტიმ“ 2017-18 და 2018-19 წლების სეზონში 32 მატჩი მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. „ლივერს“ მიზნამდე 14 მოგება აკლია.

სეზონში საკუთარ კედლებში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობა

პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველა საშინაო შეხვედრა არცერთ გუნდს მოუგია. 2005-06 წლების „ჩელსიმ“, 2010-11 წლების „მანჩესტერმა“ და 2011-12 და 2018-19 წლების „სიტიმ“ 18-ჯერ იმარჯვეს. „ლივერპულს“ „ენფილდზე“ „მანჩესტერის“, „საუთჰემპტონის“, „ვესტ ჰემის“, „ბორნმუთის“, „კრისტალ პალასის“, „ასტონ ვილას“, „ბარნლის“ და „ჩელსის“ წინააღმდეგ დარჩა სათამაშო.

სეზონში სტუმრად მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობა

ალბათ არ გაგიჭირდებათ იმის გამოცნობა, რომ ეს რეკორდიც „სიტის“ ეკუთვნის. 2017-18 წლებში „ქალაქელებმა“ სტუმრად გამართული 19 შეხვედრიდან 16 მოიგეს. „წითლებს“ ჯერჯერობით 8 მოგება აქვთ და გასვლაზე „ტოტენჰემის“, „ვულვზის“, „ვესტ ჰემის“, „ნორვიჩის“, „უოტფორდის“, „ევერტონის“, „სიტის“, „ბრაიტონის“, „არსენალის“ და „ნიუკასლის“ წინააღმდეგ აქვთ სათამაშო.

სეზონში დაგროვებული ქულების რაოდენობა

„ლივერპულმა“ დარჩენილი შეხვედრებიდან ყველა რომ მოიგოს 114 ქულას დააგროვებს. მერსისაიდელებს „სიტის“ რეკორდის გასაუმჯობესებლად კი 100 ქულაზე მეტის დაგროვება სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები