Aa
Aa

გეიე: „მანე ოქროს ბურთს იმსახურებდა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, იდრისა გეიე თვლის, რომ სადიო მანე ოქროს ბურთის მოგებას ან საუკეთესო სამეულში მოხვედრას იმსახურებდა. პსჟ-ს 30 წლის ნახევარმცველმა თანამემამულის შესახებ „ნანტთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„სადიო მანე პოდიუმს იმსახურებდა. პირადად მე მიმაჩნია, რომ მას ან ოქროს ბურთი უნდა მიეღო, ან საუკეთესო სამ მოთამაშეს შორის მოხვედრილიყო. სამწუხაროდ მანემ მეოთხე ადგილი დაიკავა და ეს ძალიან სამარცხვინოა. მანე სენეგალური ფეხბურთის სიამაყეა და გასულ სეზონს თუ გავითვალისწინებთ, იგი უდავოდ მეტს იმსახურებდა“.

აღსანიშნავია, რომ გეიეს პოზიციას „კრისტალ პალასის“ ფეხბურთელი, შეიხუ კუიატეც იზიარებს. ამ უკანასკნელმა Mirror-თან საუბრისას განაცხადა, რომ სადიო მანე ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა და მან ეს პრესტიჟული ჯილდო მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღო, რომ აფრიკელია. კუიატეს თქმით სადიო ბრაზილიელი ან ევროპელი რომ ყოფილიყო ოქროს ბურთს უსიტყვოდ გადასცემდნენ.

წლევანდელ სეზონში მანე მშვენივრად გამოიყურება და „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერია. სენეგალელს ყველა ტურნირის ეგიდით 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდების კარი 13-ჯერ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები