კარიერის საუკეთესო შედეგი და გამარჯვება „ვაშინგტონთან“
Aa
Aa

კარიერის საუკეთესო შედეგი და გამარჯვება „ვაშინგტონთან“

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ საკუთარ კედლებში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. „ჰორნეთსთან“ განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, ქართველი კალათბურთელის გუნდი „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 121-106 სძლია.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და პირველი მეოთხედი ფრედ - 26-26 დასრულდა. მეორე თორმეტწუთეულში ნეით მაკმილანის შეგირდები ჩინებულად გაისარჯნენ, 44 ქულა ჩააგდეს და შესვენებაზე 8 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. „პეისერსი“ მესამე მეოთხედშიც მოწოდების სიმაღლეზე იყო და მოპოვებული უპირატესობის საფინალო სირენამდე შენარჩუნება არ გასჭირვებია.

„ინდიანას“ წარმატებაში წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა. საბონისის გამოჯანმრთელების გამო, ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ბითაძემ პარკეტზე 20:01 წუთი გაატარა და ამ დროში კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. გოგამ 13 ქულა მოაგროვა, რაც მისთვის NBA-ში სარეკორდო მაჩვენებელია. ბითაძე 3 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემითაც გამოირჩა.

20 წლის ქართველმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. გოგას დაფარება არ ჰქონია, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ბითაძეს პლუს/მინუსის გრაფაში -9 ჰქონდა, რაც „პეისერსის“ რიგებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გახლდათ.

 

„ვაშინგტონთან“ მატჩში „ინდიანას“ ტი ჯეი უორენმა ულიდერა, რომელმაც მატჩი 21 ქულით დაასრულა. „პეისერსის“ მსუბუქი ფორვარდის გარდა 18 ქულით აარონ ჰოლიდეი გამოირჩა. დაგ მაკდერმოტმა თავი 19 ქულას მოუყარა, ხოლო ახლად დაბრუნებულმა საბონისმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 13 ქულა, 17 მოხსნა.

„უიზარდსთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ინდიანა“  ნაცნობ მეტოქეს, „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდება. „პეისერსი“ დრამონდისა და როუზის გუნდს მიმდინარე სეზონში მესამედ ხვდება და ჯერჯერობით „მოტორ სითის“ წარმომადგენლები არცერთხელ დაუმარცხებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები