აჯანყება
Aa
Aa

აჯანყება "ნაპოლიში" - ფეხბურთელები და ანჩელოტი დე ლაურენტისის წინააღმდეგ

„ნაპოლიში“ სიტუაცია ძალიან დაძაბულია. „პარტენოპეის“ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს დაუპირისპირდნენ.

„ზალცბურგთან“ მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია არ გამართა. „ნაპოლის“ მოთამაშეებმა კი კლუბის ავტობუსში ჩასხდომაზე, ბაზაზე დაბრუნებაზე და იქ ხუთი დღით დარჩენაზე უარი განაცხადეს.

საქმე ის გახლავთ, რომ დე ლაურენტისმა ritiro დააწესა. Ritiro-ს იტალიაში ხშირად იყენებენ. ამ დროს ცუდად მოასპარეზე გუნდი სასტუმროში ან ბაზაზეა გამოკეტილი და მხოლოდ ვარჯიშზე გახლავთ ორიენტირებული. კრიტიკოსები Ritiro-ს მოძველებულ მეთოდად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მისი წყალობით მაღალი ხელფასის მქონე პროფესიონალი ფეხბურთელები სკოლის ბავშვებს ემსგავსებიან, რომლებიც ცუდი ყოფაქცევის გამო ისჯებიან.

Gazzetta dello Sport „პარტენოპეის“ მოთამაშეთა ქმედებებს „აჯანყებას“ უწოდებს, რაც განპირობებულია იმით, რომ დე ლაურენტისი გუნდს შიგნით მიმდინარე პროცესებში აქტიურად ერევა.

„ნაპოლის“ ფეხბურთელები ბაზაზე შაბათამდე უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა ისინი პრეზიდენტის სურვილის ასრულებას არ აპირებენ და სახლში დაბრუნებისთანავე თავიანთ ადვოკატებს დაუკავშირდნენ.

დე ლაურენტისის გადაწყვეტილებას ანჩელოტიც ეწინააღმდეგება, მაგრამ იტალიური გაზეთების მიხედვით კარლო თავდაპირველად „ნაპოლის“ პრეზიდენტის პოზიციას იზიარებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები