Aa
Aa

ნადალი შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს

რაფაელ ნადალი წლის შემაჯამებელ ტურნირს არ გამოაკლდება და აღნიშნული გათამაშების პირველად მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ესპანელი ვარსკვლავი ლონდონში ოთხშაბათს საკუთარ მწვრთნელ კარლოს მოიასთან ერთად ჩავა და ტურნირისთვის ადგილზე მოემზადება.

„მატადორმა“ გასულ კვირას პარიზის მასტერსი 1/2 ფინალურ ეტაპზე მას შემდეგ დაასრულა, რაც დენის შაპოვალოვთან თამაშზე უარი განაცხადა, რის მიზეზადაც არასათანადო ფიზიკური კონდიციები დასახელდა.

ნადალი წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეთხუთმეტედ მოხვდა, თუმცა 6-ჯერ ასპარეზობაზე უარი ტრავმის გამო განაცხადა.

პირენეელი ვარსკვლავი უკვე მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსითაა და ლონდონში შანსი ექნება, რეიტინგის მეორეადგილოსან ნოვაკ ჯოკოვიჩთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს.

შემაჯამებელ ტურნირზე მოთამაშეები ჯგუფებში უკვე გადანაწილდნენ. ნადალი A ჯგუფში ალექსანდრ ზვერევთან, დანილ მედვედევთან და სტეფანოს ციციპასთან ერთად ითამაშებს, B ჯგუფში კი ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, დომინიკ ტიმი და მატეო ბერეტინი მოხვდნენ. გათამაშება 10 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს ფინალური მატჩით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები