დაუმსახურებელი კრიტიკა -
Aa
Aa

დაუმსახურებელი კრიტიკა - "არსებობს თუ არა გოგა ბითაძე"?

ამერიკულმა ვებგვერდმა The Fieldhouse.com-მა, რომელიც „ინდიანაზე“ ხშირად წერს, „პეისერსის ახალწვეულს, გოგა ბითაძეს სტატია მიუძღვნა. სტატიაში ქართველი კალათბურთელის სტარტზეა საუბარი და მისი ავტორი გოგას მიმართ კრიტიკულად გახლავთ განწყობილი.

***

მიუხედავად იმისა, რომ „ინდიანას“ მაღალი დონის რამდენიმე ცენტრი ჰყავს, 2019 წლის დრაფტზე მაინც გოგა ბითაძე აირჩია. „პეისერსის“ ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ევროპაში გატარებული პერიოდის შემდეგ, გოგა NBA-სთვის მზად იყო, თუმცა „ინდიანას“ საწყის სამ შეხვედრაში ბითაძეს თამაში პრაქტიკულად ვერ ვიხილეთ.

ზემოთ ხსენებული სამი მატჩიდან ორში, ნეიტ მაკმილანს გოგა პარკეტზე არ გაუყვანია. ერთში კი მან 2 ქულა და 1 მოხსნა გაიფორმა. ბითაძე დაცვაში არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ საგულისხმოა, რომ მან მოედანზე მხოლოდ 4 წუთი და 26 წამი გაატარა.

Bigfoot-სგან განსხვავებით გოგას არსებობის დამადასტურებელი კადრები გვაქვს, მაგრამ პარანორმალური მოვლენების მსგავსად, ბითაძეს "ლეგენდა" რეალობისგან შორსაა.

„ინდიანას“ წარმომადგენლები გულშემატკივრებს ეუბნებოდნენ, რომ დრაფტზე ბითაძეს არჩევის შემდეგ, კევინ პრიჩარდის ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა და ქართველის მიმართ ინტერესი დიდი იყო. მოგვიანებით „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნეით მაკმილანმა განაცხადა, რომ ბითაძე „პროექტი არ გახლავთ“ და იგი NBA-სთვის მზადაა, თუმცა... რა მოხდა ამ განცხადებისა და კომენტარის შემდეგ? პრაქტიკულად არაფერი.

გოგამ ვერ მოუმატა და მაკმილანის მიხედვით ქართველი სათანადო ფიზიკურ კონდიციებშიც არ იმყოფება. ამას ისიც ემატება, რომ „პეისერსის“ თავკაცი აქცენტს გამოცდილ კალათბურთელებზე აკეთებს.

„გოგამ ყველა კომბინაცია ჯერ კიდევ არ იცის, ამიტომ მინესოტასთან მატჩში შეზღუდულები ვიყავით. როგორც კი სეზონი დაიწყება, ვნახავთ გოგა მზად იქნება თუ არა. თუ ბითაძეს პრობლემები შეექმნება, სხვა მაღლები გვყავს, რომლებსაც თამაში შეუძლიათ. გარანტირებული არავის არაფერი აქვს. თუ კალათბურთელი სათამაშოდ მზად იქნება და დავრწმუნდებით, რომ მას გუნდისთვის დახმარების გაწევა შეუძლია, პარკეტზე აუცილებლად შევუშვებთ“. მაკმილანმა ეს განცხადება ორი კვირის წინ გააკეთა, თუმცა როგორც ჩანს ამ პერიოდში არაფერი შეცვლილა.

ბუნებრივია ჯერ ადრეა იმისთვის, რომ ბითაძეს Bust, ან რამე მსგავსი ვუწოდოთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ „ინდიანას“ პოლიტიკა დრაფტის დახმარებით გუნდის აღმშენებლობაზეა ორიენტირებული, ოდნავ დამაფიქრებელია, რომ გოგა NBA-სთვის მზად არ გახლავთ.

2019 წლის დრაფტზე ქართველი ცენტრის შემდეგ არჩეული კალათბურთელები საკმაოდ ბევრ სათამაშო დროს იღებენ და თანაც იმ პოზიციებზე ასპარეზობენ, რომლებიც „ინდიანაში“ პრობლემატური გახლავთ. ეს ფაქტი კი ნამდვილად გულდასაწყვეტი და სამწუხაროა. თუ გოგა NBA-სთვის მზად არაა, მაკმილანს ვერ მოვთხოვთ, რომ ქართველს სათამაშო დრო მისცეს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, პრობლემა ისაა, რომ ალბათ ოდნავ აღელვებულები ვართ, რადგან სამ შეხვედრაში გოგა მოედანზე ვერ ვიხილეთ. თანაც წინასასეზონო ეტაპზე მიღებულმა ტრავმამ მასზე ცუდი გავლენა იქონია.

რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ბითაძე NBA-ს შეეგუება და თავისი პოტენციალის გამოვლენას დაიწყებს, შესაძლოა ეს სტატია სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ დღესდღეობით ფაქტია, რომ გოგასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები