სერია A-ში უდინეზემ არ გაუშვა | გოგლიჩიძე უოტფორდში გაანათხოვრეს
საბა გოგლიჩიძე კარიერას „უოტფორდში“ გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე შეუერთდება და ვადის გასვლის შემდეგ „კრაზანებს“ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ. ამ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს და აცხადებს, რომ გარიგება დახურულია.
„უოტფორდის“ გარდა გოგლიჩიძეს „ფიორენტინა“ და „ტორინო“ აკვირდებოდნენ. როგორც Geo Team წერს, „უდინეზეს“ არ სურდა, გოგლიჩიძე სერია A-ში მოასპარეზე სხვა კლუბში გაეშვა და „უოტფორდის“ ვარიანტი სწორედ ამიტომ შეირჩა.
ახლახან ინგლისურ პრესაში „უოტფორდის“ სპორტული დირექტორის ასისტენტის, ვალონ ბეჰრამის კომენტარი გავრცელდა. მან გოგლიჩიძეს უნივერსალი ფეხბურთელი უწოდა და დაადასტურა, რომ „კრაზანები“ მის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ.
გოგლიჩიძეს „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა. „უდინეზესა“ და „უოტფორდს“ ერთი მფლობელი ჰყავს და საბა ინგლისში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მიდის.