Aa
Aa

"მხოლოდ ეფექტურობა არა, მნიშვნელობაც" - მესიმ კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა

ლიონელ მესიმ გამოცემა Tyc Sports-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი არგენტინელის კარიერაში საუკეთესო გოლს შეეხებოდა.

„ბარსას“ კაპიტანმა მის მიერ გატანილი 600-ზე მეტი გოლიდან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის ფინალში განხორციელებული შედეგიანი დარტყმა გამოარჩია და აქცენტი მის მნიშვნელობაზეც გააკეთა.

„კარიერის საყვარელ გოლებს არა მხოლოდ ეფექტურობის, არამედ მათი მნიშვნელობის მიხედვითაც ვარჩევ. თუკი ერთის გამოყოფას მომთხოვთ, მაშინ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2009 წლის ფინალში გატანილ ბურთს დავასახელებდი. ეს გოლი ტრებლის შესრულებაში დაგვეხმარა, რაც ჩვენს გუნდს არც მანამდე და არც მას შემდეგ არ გაუკეთებია.

ამ გოლმა არაჩვეულებრივი ემოცია დამიტოვა, რადგან მისი დახმარებით ბრწყინვალე მატჩი მოვიგეთ“.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მის სათამაშო სტილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს თამაშის წაკითხვა უკეთესად გამოსდის.

„ისე არაა, თითქოს მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვდგავარ და ბურთს ველოდები. უკან ჩასვლა მომწონს, საიდანაც ბურთის წამოღება და გუნდის თამაშში კრეატივის შეტანა შემიძლია.

შეხვედრის მიმდინარეობისას საკუთარი თავის რეგულირება ვისწავლე და ვიცი, რომ შესაბამისი მომენტი უნდა ვეძებო. არის ეპიზოდები, როცა თამაშში არ უნდა შევიდე და დაველოდო სიტუაციას, როცა საამისოდ უფრო მოსახერხებელი ვითარება შეიქმნება.

გავიზარდე და ახლა თამაშის მიმდინარეობას უკეთესად ვკითხულობ. ვიცი, კონკრეტულ მომენტში რომელ ადგილას ყოფნა იქნება ეფექტური და გადამწყვეტი“.

ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის ფინალში, რომელიც რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა, მეორე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა. „ბლაუგრანას“ მხრიდან პირველი ბურთი სამუელ ეტო’ომ შეაგდო.

ხოსეპ გუარდიოლასთვის პირველ სამწვრთნელო სეზონში „ბარსელონამ“ ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და კლუბის 120-წლიან ისტორიაში ტრებლიც პირველად შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები