ფლორენტინო პერესის ოცნება,
Aa
Aa

ფლორენტინო პერესის ოცნება, "გალაქტიკო" და კილიან მბაპე

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა, AS-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გვაუწყებს, რომ „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კილიან მბაპეს გადაბირებით ინტერესდება და ყველაფერს იზამს, რომ 2020 წლის ზაფხულში მიზანს მიაღწიოს.

***

გასულ სამშაბათს „რეალის“ აღფრთოვანებული ხელმძღვანელები ერთმანეთს WhatsApp-ით ესაუბრებოდნენ: “მბაპეს თამაში ნახეთ? ერთ ტაიმში მან „ბრიუგესთან“, გუნდთან, რომელმაც სანტიაგო ბერნაბეუზე სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა, ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მბაპეს ტრანსფერი გახლავთ ის, რაც ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივარს ფეხზე დააყენებს“. „სამეფო კლუბის“ მესვეურების კომენტარები გადაჭარბებული არ ყოფილა. ახალგაზრდა ფრანგმა 38 წუთში გააკეთა ის, რაც ბევრს კარიერის განმავლობაში არ შეუსრულებია.

ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ მბაპე გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც გულშემატკივრებს „გალაქტიკოს“ დღეებს გაახსენებს. „რეალის“ პირველ პირს მშვენივრად მოეხსენება, რომ ტრანსფერის გაჩარხვა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა უკან დახევას არ აპირებს. პსჟ-ს სამომავლო გეგმებში მბაპეს გასხვისება არ შედის, მაგრამ ფლორენტინოსა და ალ-ხელაიფის კარგი ურთიერთობა აქვთ და კოლეგებისგან განსხვავებით, პერესს მოლაპარაკებების დაწყებამდე რთული ბარიერების გადალახვა არ მოუწევს.

მართალია „პარი სენ-ჟერმენი“ მბაპეს სანაცვლოდ 300 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ წესითა და რიგით ეს „სამეფო კლუბისთვის“ სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ზაფხულს „ბლანკოსმა“ აზარის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო იოვიჩის, მილიტაუს, მენდისა და როდრიგოს შეძენა 203 მილიონი დაუჯდა, რაც ჯამში 300 მილიონზე მეტია. როგორც მოგეხსენებათ აზარი საშინელ ფორმაშია, ხოლო ხსენებული კვარტეტიდან ძირითად შემადგენლობაში თავი ვერცერთმა დაიმკვიდრა.  მოკლედ ფლორენტინო პერესს „გალაქტიკოს“ წლების დაბრუნება სურს და სჯერა, რომ მბაპეს ტრანსფერი უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ოპერაცია მბაპეს“ ხელს ტუხელსა და კილიანს შორის არსებული „კონფლიქტიც“ უწყობს. ახალგაზრდა ფრანგი უკმაყოფილო ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონი იყო, როცა გერმანელმა სპეციალისტმა ბოლო ტურებში იგი სათადარიგო სკამზე დატოვა და „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

მადრიდელები მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებენ. „რეალი“ ფრთხილობს და მომენტს ელოდება. ფლორენტინო პერესს კი ერთი მიზანი აქვს - „გალაქტიკოს“ დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები