Aa
Aa

კემპბელი "საუთჰენდს" გაწვრთნის

სოლ კემპბელი ინგლისის რანგით მე-3 ლიგის კლუბ „საუთჰენდ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია საუთჰენდელთა ოფიციალურმა საიტმა გუშინ საღამოს დაადასტურა.

„ტოტენჰემისა“ და „არსენალის“ ყოფილმა მცველმა ახალ კლუბთან 2.5-წლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.

კემპბელის სამწვრთნელო შტაბში ჰერმან ჰრეიდარსონი და ენდი კოულიც იმუშავებენ. ისლანდიელი სოლთან ერთად „პორტსმუთში“ თამაშობდა და „საუთჰენდში“ მისი ასისტენტი იქნება, კოული კი თავდამსხმელების მწვრთნელის ფუნქციას შეითავსებს.

45 წლის კემპბელი გასულ სეზონში „მაკლსფილდს“ წვრთნიდა და გუნდს ინგლისის რანგით მე-4 ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა. „მაკლსფილდიდან“ იგი აგვისტოში დაითხოვეს.

სოლის ახალმა გუნდმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და 14 ტურში აღებული 5 ქულით, სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. ისიც იმიტომ, რომ ბოლოადგილოსან „ბოლტონს“ ჩემპიონატის -5 ქულით დაწყება მოუწია.

„საუთჰენდში“ კემპბელის დებიუტი მომავალ უქმეებზე, ჩემპიონატის თანალიდერ „იფსვიჩთან“ საშინაო მატჩისას შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები