''კოლხეთის'' განცხადება:''ისტორიული კლუბი მავანთა გამო კრიზისში ყოფნას არ იმსახურებს''
Aa
Aa
22 ოქტომბერი 2019  |  13:06

''კოლხეთის'' განცხადება:''ისტორიული კლუბი მავანთა გამო კრიზისში ყოფნას არ იმსახურებს''

საფეხბურთო კლუბი ფოთის ''კოლხეთი'' განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კლუბს დაფინანსებთასთან დაკავშირებით უარყოფითი პასუხი გასცა. 

''როგორც ცნობილია გასული საუკუნის 90-ანი წლების მეორე ნახევარში ფოთის ''კოლხეთის'' მეპატრონე ქალაქის საზღვაო ნავსადგური გახდა, რომელიც წლების განმავლობაში გუნდისთვის მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფდა, პერიოდულად ზემოთაღნიშნული თანხა მილიონ 200 ათასამდეც აღწევდა. რაც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებად მოიაზრებოდა. შესაბამისად, გუნდი ხშირად ახერხებდა ევროტურნირების საგზურების მოპოვებას და უცხოურ კლუბებთან თამაშით კლასის ამაღლებას და გამოცდილების მიღებას.

სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პერიოდში ჩვენი ქალაქის საზღვაო ნავსადგური მფლობელობაში ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას გადაეცა, რომელმაც საკუთარი ნების საფუძველზე შეწყვიტა გუნდის დაფინანსება და 2006 წელს ''კოლხეთი'' დაშლის საფრთხის წინაშე დადგა, რაც განხორციელდა კიდეც რამეთუ ქალაქმა იმ პერიოდში ვერ გამონახა თანხები გუნდის შესანარჩუნებლად.

საბედნიეროდ ამ პერიოდში ქალაქში გამოჩნდნენ ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ხალხი. ბიზნესმენი
თემურ ბარქაია და ''კოლხეთის'' ყოფილი ფეხბურთელი ზაზა ინაშვილი რომელთა ძალისხმევითაც შეიქმნა გუნდი ''კოლხა,'' რომელმაც ასპარეზობა 2006 წლიდან რეგიონალურ ლიგაში დაიწყო, წარმატებით გაიარა შესაბამისი საჩემპიონატო ბარიერები და მალე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტას დაუბრუნდა.

2011-15 წლებში საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა რა კეთილი ნება გამოყო გარკვეული თანხა, რომლის მეშვეობით ფინანსდებოდა გუნდის თურქული შეკრებები და სპორტული ინვენტარით აღჭურვა, თუმცა ოთხწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ეს კავშირი დამფინანსებლის ინიციატივით შეწყდა და ქალაქის ყველაზე დიდი საწარმო დღემდე უარს აცხადებს თუნდაც უმნიშვნელო თანხითაც დაეხმაროს ფოთის პირველ საფეხბურთო გუნდს.

დღეს გუნდის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე ''კოლხეთის'' ხელმძღვანელებმა მიმართეს ფოთის საზღვაო ნავსადგურს მოკრძალებული დახმარებისათვის თუმცა ნავსადგურის ხელმძღვანელებმა უარი განაცხადეს თანადგომა აღმოუჩინონ ''კოლხეთს,'' რომლის ასწლოვანზე მეტი ისტორია არ იმსახურებს იმ კრიზისში ყოფნას, რომელშიც იგი დღეისათვის მავანთა გამო იმყოფება.''

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 30 ტურის შემდეგ ათგუნდიან ჩემპიონატში ''კოლხეთი'' 20 ქულით ბოლო ადგილზეა და უშუალო კონკურენტ ლანჩხუთის ''გურიას'' 7 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. მეათე ადგილზე გასული კლუბი შემდეგ სეზონს რანგით მესამე ლიგაში გაატარებს, ხოლო მეცხრე და მეათე ადგილზე გასული გუნდები ფლეი-ოფის გზით ეცდებიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები