ზიდანის
Aa
Aa

ზიდანის "რეალის" 7 პრობლემა

შაბათს „რეალმა“ ლა ლიგის წლევანდელ სეზონში პირველი მარცხი იწვნია. „სამეფო კლუბმა" „მალიორკას“ წინააღმდეგობა ვერ დასძლია. მალიორკაში გამართულ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ ზინედინ ზიდანის გუნდი შემდგარი კოლექტივი ჯერ კიდევ არ გახლავთ. "ბლანკოსს" პრობლემები აქვს, რომლებსაც ესპანურმა გამოცემა AS-მა საინტერესო სტატია მიუძღვნა.

***

პრობლემები შეტევაში

„რეალმა“ მალიორკა გატანილი გოლის გარეშე დატოვა, რაც წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში მესამედ მოხდა. „სამეფო კლუბს“ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა ძალიან დაეტყო. თანაც მადრიდელებმა მისი შემცვლელიც ვერ იპოვეს.

„ბლანკოსს“ მიმდინარე სეზონის 11 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი, ანუ ერთ შეხვედრაში საშუალოდ 1.6 გოლი გააქვს. შარშან ამ დროს ეს მაჩვენებელი 1.8 გახლდათ. კრიშტიანუ რონალდუს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყოფნისას კი 2.8 (2016-17) და 2.7 (2015-16).

ტრავმები და ფიფას ვირუსი

2019 წლის ივნისში „რეალის“ ფიზმომზადების მწვრთნელი, ანტონიო პინტუსი „ინტერში“ გადაბარგდა და მადრიდელებმა მის შემცვლელად გრეგორი დუპონი დანიშნეს. ეს უკანასკნელი უმაღლესი დონის სპეციალისტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, თუმცა „სამეფო კლუბს“ მაინც სერიოზული პრობლემები აქვს. თანაც ყველაფერს სანაკრებო პაუზა დაერთო, რომლის მიმდინარეობისას ლაზარეთში „ზიზუს“ გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აღმოჩნდა.

ბენზემა, როგორც მთავარი დამრტყმელი ძალა

მიმდინარე სეზონში კარიმ ბენზემა ერთადერთია, რომელსაც მეტოქე გუნდების კარის აღება კარგად გამოსდის. ფრანგმა მოედანზე 882 წუთი გაატარა და 6 ბურთი შეაგდო. ბენზემას გოლი ყოველ 147 წუთში გააქვს.

„რეალის“ საუკეთესო გოლეადორთა სიაში 31 წლის ფეხბურთელს ორ-ორი გოლით ბეილი და კაზემირო მისდევენ, რაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არსებულ პრობლემებზე კარგად მეტყველებს. „სამეფო კლუბის“ ახალწვეულმა , ლუკა იოვიჩმა თავისი პოტენციალი აუცილებლად უნდა გამოავლინოს. სერბმა „მალიორკასთან“ 66 წუთი ითამაშა და კარში არ დაურტყამს, თუმცა აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელებმა ხელსაყრელი მომენტიც ვერ შეუქმნეს.

„რეალის“ ნახევარდაცვა

წლევანდელ სეზონში ნახევარდაცვა „ბლანკოსის“ მთავარი პლუსი ნამდვილად არ გახლავთ. ვალვერდეს, ხამესსა და კაზემიროს სანაკრებო პაუზებისას ხანგრძლივი მგზავრობა უწევთ. მოდრიჩს ტრავმა აქვს, მაგრამ ჯანმრთელად რომც იყოს, 34 წლისაა და დასვენება ხშირად სჭირდება. 

მეკარის პრობლემა

„მალიორკას“ გოლს კურტუას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ აშკარაა, რომ ბელგიელი გოლკიპერი საშინელ ფორმაში იმყოფება. მან ბოლო 9 შეხვედრაში 12 გოლი გაუშვა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისი შემცვლელის პოვნაზე დაიწყეს ფიქრი.

აზარის მოლოდინში

ფეხბურთელი, რომელზეც მადრიდელები უდიდეს იმედებს ამყარებენ, ოპტიმალურ ფორმასთან ახლოსაც არაა. აზარმა „რეალის“ რიგებში სადებიუტო გოლი „გრანადასთან“ შეაგდო, მაგრამ დრიბლინგი, რომლითაც „ჩელსიში“ ბრწყინავდა, ჯერ არსად ჩანს.

ზიდანის პრობლემები

ფრანგი სპეციალისტის დაბრუნების შემდეგ, „რეალმა“ ლა ლიგის ეგიდით 20 შეხვედრა გამართა და მხოლოდ 10-ჯერ იმარჯვა. სანტიაგო სოლარი გუნდიდან მაშინ გაუშვეს, როცა მატჩების 70.6 პროცენტი ჰქონდა მოგებული. ამასთან ერთად „ზიზუს“ ტაქტიკის შერჩევასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები. ზიდანმა კლასიკური 4-3-3, 4-4-2 და 4-2-3-1 სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები