საული, მედისონი და სხვები -
Aa
Aa

საული, მედისონი და სხვები - "იუნაიტედი'' ტრანსფერებისთვის 300 მილიონს დახარჯავს!

საფეხბურთო კლუბ ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ხელმძღვანელები 2020 წლის ზაფხულში ტრანსფერებში 300 მილიონი ფუნტი სტერლინგის დახარჯვას გეგმავენ. ''წითელი ეშმაკების'' მმართველები ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდის გაძლიერებას რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერით აპირებენ. 

Dailymail-ის ცნობით მანჩესტერული კლუბი ''ლიონის'' ფორვარდის მუსა დემბელესა და ''ლესტერის'' გამთამაშებელის, ჯეიმს მედისონის გადაბირებითაა დაინტერესებული. მათ გარდა შესაძლოა სკანდინავიელი მწვრთნელის გუნდში მადრიდის ''ატლეტიკოს'' შემტევი საულ ნიგეზი ვიხილოთ.

მეორე მხრივ რთული წარმოსადგენია რამდენად შეძლებს სოლსკიაერი სეზონის ბოლომდე პოსტის შენარჩუნებას, რადგან მისი ფეხბურთელებისთვის სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს და ქომაგთა უკმაყოფილება იზრდება, თუმცა ნორვეგიელი აღიარებს, რომ პროგრესის იმედი აქვს. მას სჯერა, რომ მისი ფეხბურთელები წარმატებულ მატჩებს ჩაატარებენ და ვითარებას გამოასწორებენ.

''ლივერპულთან'' მატჩამდე სოლსკიაერმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შეტევაში უფრო მწვავედ უნდა ითამაშოს: ''შესაძლოა ახალგაზრდა ფეხბურთელებს სურთ, რომ ფრთხილად ითამაშონ, მაგრამ როცა ''მანჩესტერ იუნაიტედში'' თამაშობ, უნდა გარისკო და ფრთხილად არ უნდა ითამაშო. ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია სწრაფ შეტევას გულისხმობს. შეტევაში ერთმა ან ორმა ნაკლებად ეფექტურმა პასმა შესაძლოა შეტევა ჩაშალოს, რადგან დღეს გუნდები დაცვაში ძალიან სწრაფად თამაშობენ და შეტევისას თითოეული ორთაბრძოლის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია.''

''ოლდ ტრაფორდზე'' პრემიერლიგის მეცხრე ტურში ყველაზე ძვირადღირებული მცველების, ვირჯინ ვან დეიკისა (75 მილიონი ფუნტი სტერლინგი) და ჰარი მაგუარის (80 მილიონი ფუნტი სტერლინგი) დაპირისპირება შედგება. სოლსკიაერმა მაგუარის შესახებაც ისაუბრა:''ჰარი ლიდერია, მას ლიდერისთვის საჭირო თვისებები აქვს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები