ლობჟანიძე ტურის სიმბოლურში და ბრძოლა ბომბარდირობისთვის
Aa
Aa

ლობჟანიძე ტურის სიმბოლურში და ბრძოლა ბომბარდირობისთვის

დანიის სუპერლიგის მე-11 ტურში ''რანდერსის'' ქართველმა ლიდერმა საბა ლობჟანიძემ მორიგი გოლი გაიტანა და სუპერლიგის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მან ამჯერად ''ოლბორგთან'' გასვლით შეხვედრაში გაახარა ქომაგები.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ვინგერმა სუპერლიგის საწყის 11 ტურში 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლობჟანიძე სუპერლიგაში მესამე სეზონს ატარებს და ასეთი შედეგიანი სტარტი არასდროს ჰქონია.

დანიის ჩემპიონატის ბომბარდითა დავაში ლობჟანიძე მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება.''ბრონდბიუს'' ფორვარდმა კამილ ვილჩეკმა 8 გოლი შეაგდო, ''სილკებორგის'' ლიდერმა რონი შვარცმა - 7, ხოლო ლობჟანიძისა და დომინიკ კაიზერის ანგარიშზე 6-6 გოლია.

2017 წლიდან მოყოლებული, როცა ლობჟანიძემ თბილისის ''დინამო'' დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ''რანდერსს'' შეუერთდა, სუპერლიგაში 60 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა.

საერთო ჯამში ლობჟანიძემ ''რანდერსისთვის'' 87 შეხვედრაში 30 გოლი შეაგდო და 12 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისმა ლობჟანიძე ირლანდიასთან და გიბრალტართან შეხვედრებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ოქტომბერს ''დინამო არენაზე'' ირლანდიას დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების მეტოქე სტუმრად გიბრალტარი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები