ისევ ნადალის წინააღმდეგ! - საქართველოს ნაკრები ATP Cup-ის ჯგუფში ესპანეთთან მოხვდა
Aa
Aa
16 სექტემბერი 2019  |  14:03

ისევ ნადალის წინააღმდეგ! - საქართველოს ნაკრები ATP Cup-ის ჯგუფში ესპანეთთან მოხვდა

2020 წლის 3-12 იანვარს ავსტრალიაში ახალი საჩოგბურთო გათამაშება - ATP Cup გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. დღეს ჩატარებულმა წილისყრამ გაარკვია, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და იაპონიის ნაკრებთან წინააღმდეგ ითამაშებს, მეოთხე მონაწილე კი ოდნავ მოგვიანებით, ნოემბერში, გამოცხადდება.

საქართველო პირველი ტურის ეგიდით, 4 იანვარს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, მეორე ტურში 6 იანვარს იაპონიას დაუპირისპირდება, ხოლო მე-3 ტურის მატჩს 8 იანვარს ჯერჯერობით უცნობ მეტოქესთან ჩაატარებს.

ATP Cup-ზე საქართველოს ღირსებას ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი დაიცავენ. მათ საშუალება ექნებათ, სარეიტინგო მდგომარეობა გაიუმჯობესონ - კონკრეტულ ჩოგბურთელს ტურნირზე მაქსიმუმ 750 ქულის აღება შეეძლება.

ავსტრალიაში ჩასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადეს საჩოგბურთო სამყაროს ვარსკვლავებმა. დღევანდელი ინფორმაციით, ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩს, რაფაელ ნადალს, როჯერ ფედერერსა და სხვა გამორჩეულ მოთამაშეებს ვიხილავთ.

რაც შეეხება ფორმატს, ის დევისის თასის ფორმატის ანალოგია, 3 შეხვედრისგან შედგება, რომელთაგანაც 2 ერთეულთა მატჩი იქნება, ხოლო ერთი წყვილთა შეხვედრა. 

ATP Cup-ზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფებში გადანაწილდებიან, ფინალში 8 საუკეთესო გუნდი გავა - მათგან 6 თავისი ჯგუფის გამარჯვებული იქნება, დანარჩენ ორ ადგილს კი საუკეთესო მეორეადგილოსნები შეავსებენ. ტურნირის საპრიზო ფონდი 22 მილიონი დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები