Aa
Aa

"სადილი რონალდუსთან? რატომაც არა", - ინტერვიუ მესისთან

ესპანურმა Sport-მა ლეო მესისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არგენტინელმა ბევრ საინტერესო და აქტუალურ თემაზე ისაუბრა.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი ხართ?

„არ ვიცი. ყველაფერი შეიცვალა. ვეღარ გაიგებ ფავორიტი ვინაა და ვინ არა. ბოლო პერიოდში აქცენტს გუნდის მიერ დაფიქსირებულ შედეგებზე აკეთებენ, რაც ცუდი ნამდვილად არაა. ჩემპიონთა ლიგასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იყო დრო, როცა გამარჯვებულის ბედს მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაში განსაზღვრავდა. მოკლედ არ ვიცი. სიმართლე ისაა, რომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით გამარჯვებულს რა კრიტერიუმის მიხედვით არჩევენ. თავი ფავორიტად ან აუტსაიდერად არასდროს ჩამითვლია. ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ინდივიდუალური ჯილდოები მეორეხარისხოვანია“.

სარეაბილიტაციო პერიოდი როგორ მიდის?

„თავს უკეთ ვგრძნობ. სამწუხაროა კუნთი პირველივე ვარჯიშზე რომ დავიზიანე. 15 დღის შემდეგ მეგონა კარგად ვიყავი, მაგრამ ბეტისთან მატჩის წინ ვივარჯიშე და ტრავმა გამირთულდა. ასეთ მდგომარეობაში პირველად ვარ, თუმცა არ ვნერვიულობ და მოედანზე მაშინ გავალ, როცა 100 პროცენტით მზად ვიქნები, რადგან თუ მსგავსი რამ განმეორდა, სარეაბილიტაციო პერიოდი დიდხანს გაგრძელდება“.

სავარაუდოდ როდის დაბრუნდები?

„ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. დავბრუნდები, როცა 100 პროცენტით მზად ვიქნები. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ვალენსიასთან არ ვიქნები. შეიძლება დორტმუნდთან ან გრანადასთან ვითამაშო, არ ვიცი. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით“.

ბარსელონას სტარტს როგორ აფასებ? ღელავ?

„არა არ ვღელავ. უჩვეულო სტარტი იყო, რადგან ტრავმების გამო, რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა. ბილბაოს წინააღმდეგ კარგად ვიასპარეზეთ. სან მამესზე თამაში ადვილი ნამდვილად არაა. შეტევები ვერ დავაგვირგვინეთ, თორემ ყველაფერს ვაკონტროლებდით. იმ შეხვედრაში მარცხს არ ვიმსახურებდით. ბეტისის წინააღმდეგ მეორე ტაიმში საოცარი ბარსელონა ვიხილეთ, თუმცა ოსასუნასთან იგივე ვერ გავიმეორეთ. საერთო ჯამში ცუდი სტარტი ავიღეთ და სანაკრებო პაუზის შემდეგ ერთ გუნდად უნდა შევიკრათ, გავძლიერდეთ და სასურველი შედეგები დავაფიქსიროთ“.

თანახმა ხარ წლეულს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და სანაცვლოდ ლა ლიგა დათმო?

„არა რა თქმა უნდა. ჩვენი მიზანი ყოველთვის ყველა ტიტულის დასაკუთრება იყო და წლეულსაც ასეა. რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მინდა. ევროპულ ასპარეზზე ჩემი ბოლო ტრიუმფიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ მაინც ორივე ტურნირის მოგებაზე ვარ ორიენტირებული“.

 ლივერპულთან და რომასთან განცდილმა ფიასკომ რა გასწავლა?

„ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ცუდი მატჩის ჩატარება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაშიც, თუ პირველ შეხვედრაში სასურველი შედეგი გაქვს დაფიქსირებული. ამასთან ერთად სტადიონის ფაქტორიც მნიშვნელოვანია. და ყველაზე მთავარი სტუმრად გატანილი გოლია. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გინდა, სტუმრად გოლი აუცილებლად უნდა გაიტანო“.

ზაფხულში გუნდს გრიზმანი, ფრენკი დე იონგი, ნეტო და ხუნიორ ფირპო შეუერთდნენ. როგორ ფიქრობ წლეულს შარშანდელზე უკეთესი შემადგენლობა გყავთ?

„ვერ გეტყვით უკეთესი გუნდი ვართ თუ არა. შარშან კარგი შემადგენლობა გვყავდა, თუმცა რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი დავიმატეთ. დღესდღეობით როგორც ნახევარდაცვაში, ასევე შეტევაში ბევრი ვარიანტი გვაქვს. კარგი გუნდი ვართ და დროთა განმავლობაში ვნახავთ რას მივაღწევთ“.

ამ ზაფხულს, ისივე როგორც ადრე, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბარსელონას შენ მართავ და კლუბი იმას აკეთებს, რასაც ამბობ. რას გრძნობ როცა ასეთი განცხადებები გესმის?

„ეს პირველად არ ხდება და უკვე ყველაფერს შევეგუე. ბევრჯერ დამტკიცდა, რომ კლუბს მე არ ვმართავ. მე რიგითი ფეხბურთელი ვარ. ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ტიტულების მოგებაა“.

პრესაში წერდნენ, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელები გრიზმანის მიმართ უარყოფითად იყვნენ განწყობილები. გქონდა შანსი ანტუანს შეხვედროდი?

„ჩვენ ერთად ძალიან ცოტა დრო გავატარეთ. კლუბში დაბრუნების შემდეგ ძირითადად ვმკურნალობ და ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. თანაგუნდელებთან ერთად დიდი დრო არ გამიტარებია“.

ჟურნალისტები უსმან დემბელეს არაპროფესიონალიზმის გამო, ხშირად აკრიტიკებენ. შენ რას ფიქრობ?

„დემბელე ახალგაზრდა ფეხბურთელია და იმედი მაქვს წლევანდელი სეზონი მისთვის ის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელსაც ბარსელონას ყველა ქომაგი ელოდება. მან დამოკიდებულება უნდა შეცვალოს და ნამდვილი პროფესიონალი გახდეს. იმედი მაქვს ამჯერად მას ტრავმები ხელს არ შეუშლის. შარშან მაშინ, როცა დემბელე ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ტრავმირებული იყო. ვიმედოვნებ წლეულს ყველაფერი სხვანაირად იქნება“.

კრიშტიანუმ სადილზე დაგპატიჟა. ისადილებდი მასთან ერთად?

„რატომაც არა? ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ მასთან მიმართებით პრობლემა არ მაქვს. მეგობრები არ ვართ, მაგრამ დაჯილდოებების ცერემონიებზე ერთმანეთს ბევრჯერ შევხვედრილვართ. ბოლო ცერემონიაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. არ ვიცი ერთად ვისადილებთ თუ არა, რადგან სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენი გზები ალბათ არ გადაიკვეთება“.

რამდენიმე დღის წინ ბართომეუმ განაცხადა, რომ კონტრაქტის მიხედვით შეგიძლია კლუბი ნებისმიერი სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვო. კატალონიელებს რამე სანერვიულო აქვთ?

„კონტრაქტის დეტალები კონფიდენციალურია და მათ შესახებ საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. შემიძლია გითხრათ, რომ ბარსელონა ჩემი სახლია და მინდა აქ მანამ ვითამაშო, სანამ შემეძლება. არ მინდა კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმო და აქ მხოლოდ იმიტომ დავრჩე, რომ გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს. მინდა 100 პროცენტით მზად ვიყო, კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და დავინახო, რომ წარმატებული პროექტის ნაწილი ვარ. მინდა ბარსელონასთან ერთად ტიტულები მოვიგო. ჩემთვის ფული არაფერს ნიშნავს. ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაზე ორიენტირებული პროექტია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები