არაბიძის ბრწყინვალე მატჩი, სრული დომინირება და გამარჯვება ბაქოში
Aa
Aa

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი, სრული დომინირება და გამარჯვება ბაქოში

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბაქოში აზერბაიჯანი დაამარცხა. გია ცეცაძის გუნდმა გასვლით შეხვედრაში 3 უპასუხო გოლი გაიტანა და პირველი მატჩის მსგავსად კარი ამჯერადაც მშრალად შეინახა.

შეგახსენებთ, ევროშესარჩევის პირველ ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა გორში ლიხტენშტაინელები 4:0 გაანადგურეს და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი მესამე დამატებულ წუთზე შეაგდო. ქართველთა კუთხურისას აზერბაიჯანელთა მეკარე შეცდა, საჯარიმოში შექმნილი არეულობით ვატო არველაძემ ისარგებლა და ''კორონას'' ფორვარდმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

 

49-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა უხეში თამაშის გამო აზერბაიჯანის ნაკრების კაპიტანი ჰაჯიევი მოედნიდან გააძევა და მატჩის დარჩენილი დრო საქართველოს ნაკრებმა რიცხვობრივ უპირატესობაში გაატარა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე გოლი 73-ე წუთზე გაიტანა. ვატო არველაძემ ბრწყინვალედ ითამაშა, ბურთისთვის ბრძოლა საკუთარ ნახევარზე მოიგო და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, მისი პასის შემდეგ არაბიძემ შეტევა განავითარა და ბუღრიძე ცარიელ კართან დატოვა, ბელგიური ''ბეერსხოტის'' შემტევმა ანგარიში ორამდე გაზარდა და ქართველთა უპირატესობა დამაჯერებელი გახდა.

 

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა მესამე გოლი 84-ე წუთზე გაიტანა, ბუღრიძის კარგი პასის შემდეგ არაბიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და დაბალ კუთხეში შეაგდო. 

 

10 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად შვეიცარიას შეხვდება, ნოემბერში კი ასევე გასვლით შეხვედრებს საფრანგეთთან და სლოვაკეთთან ჩაატარებს.


ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები