Aa
Aa

"ბარსა" მეტ შეთავაზებას აღარ გააკეთებს! პსჟ კი ნეიმარის გასაყიდად კვლავ მზადაა

ნეიმარის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება. როგორც ადრე ვვარაუდობდით, ბრაზილიელი ფეხბურთელის მომავალი ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.

ამ მომენტისთვის ოფიციალურად არის ცნობილი, რომ „ბარსელონამ“ პსჟ-ს მიერ მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. პარიზელები ნეიმარის სანაცვლოდ ჟან კლერ ტოდიბოს, ივან რაკიტიჩს, უსმან დემბელეს (იჯარით) და პლუს ამას თანხას ითხოვდნენ, რაც კატალონიელთათვის არასერიოზული აღმოჩნდა.

ბუნებრივია ერთი მოთამაშის სანაცვლოდ ამდენის მოთხოვნა შეურაცხმყოფელია და „ბარსამაც“ უარი განაცხადა. როგორც ესპანური გამოცემები წერენ, ბართომეუ და მისი გუნდი მეტი შეთავაზების გაკეთებას აღარ გეგმავენ და ამჟამად ყველაფერი პსჟ-ს ხელშია. კვლავ უცნობი რჩება, თუ რა შეთავაზება გააკეთა კონკრეტულად „ბარსელონამ“.

საპირისპიროს ამბობს პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო. ბრაზილიელის თქმით პსჟ მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზადაა და ისინი „ბარსას“ დაელოდებიან.

ლეონარდო ამბობს, რომ ყველაფერი „ბარსელონას“ ხელშია. კლუბმაც და ნეიმარმაც თავისი პოზიცია დააფიქსირა და მოლაპარაკების მაგიდის დატოვებას პარიზელები არ გეგმავენ, თუმცა მათ სასურველი შეთავაზება ჯერაც არ მიუღიათ.

სიტუაცია საკმაოდ უცნაური და ჩახლართულია. „ბარსა“ ამბობს, რომ ყველაფერი პსჟ-ს ხელშია, ხოლო პარიზელები ამბობენ, რომ პირიქით - ყველაფერი კატალონიელთა ხელშია.

როგორც ჩანს უახლოესი 2 დღე ასე გაგრძელდება და ბოლო საათებში, ან რომელიმე მხარე დათმობს პოზიციას და შეთანხმება შედგება, ან ნეიმარი პსჟ-ში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები