Aa
Aa

დაგეგმილი გამარჯვებები და მცირე სენსაციები US OPEN-ის პირველ დღეს

ამერიკის ღია პირველობა დაგეგმილი გამარჯვებებით დაიწყეს ფავორიტებმა. მამაკაცთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას 6:4; 6:1; 6:4 მოუგო და შემდეგ წრეში არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს შეხვდება.

ადგილობრივი პუბლიკა გაახარა 21 წლის რეილი ოპელკამ, რომელმაც ტურნირის მე-11 ნომერ ფაბიო ფონინის 4 სეტში დამაჯერებლად აჯობა. გიგანტი ამერიკელი, შესაძლოა, მე-3 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გახდეს.

როჯერ ფედერერმა ინდოელი სუმიტ ნაგალის წინააღმდეგ ითამაშა და პირველი სეტის მოულოდნელად წაგების მიუხედავად, 4 სეტში იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ნაგალი პირველი ინდოელია, რომელმაც ფედერერთან სეტის მოგება შეძლო. ლეგენდარული შვეიცარიელი შემდეგ წრეში ბოსნიელ დამირ ჯუმჰურზე გავიდა.

თავიანთი მატჩები დამაჯერებლად მოიგეს დანილ მედვედევმა, სტენ ვავრინკამ, დავიდ გოფენმა, კეი ნიშიკორიმ და გრეგ დიმიტროვმაც.

ქალთა შორის დღის მთავარი აფიშა სერენა უილიამსისა და მარია შარაპოვას შეხვედრაში იყო. ჩოგბურთელები US OPEN-ზე ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ამერიკელმა რუსთან არსებული ბრწყინვალე სერია გააგრძელა და მას ზედიზედ მე-19 ურთიერთშეხვედრა, ანგარიშით 6:1; 6:1, მოუგო. სერენას შემდეგი მეტოქე მისი თანამემამულე კეტი მაკნეილია.

თავიანთი მატჩები 2 სეტში წარმატებით დაასრულეს ელინა სვიტოლინამ და ვენუს უილიამსმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-2 წრის ერთ-ერთი მთავარი მატჩი სწორედ მათ შორის ჩატარდება.

მედისონ კიზმა იაპონელი მისაკი დოი იოლად დაამარცხა, კაროლინა პლიშკოვას კი ტერეზა მარტინცოვას დასამარცხებლად ორი ტაიბრეიკი დასჭირდა.

დღის მთავარი მოულოდნელობა კრისტინა მლადენოვიჩის სახელს უკავშირდება, რომელმაც ტურნირის 2016 წლის ჩემპიონ ანგელიკ კერბერს მძიმე 3-სეტიანი ორთაბრძოლა მოუგო - 7:5; 0:6; 6:4.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები