Aa
Aa

ჯეკო: "დარჩენის სანაცვლოდ ფლორენციმ კაპიტნობა შემომთავაზა"

იტალიური „რომას“ ბოსნიელმა ფორვარდმა, ედინ ჯეკომ, „ჯალოროსის“ რიგებში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა. ჯეკოს განცხადებით, გადამწყვეტი როლი თანაგუნდელების მისდამი დამოკიდებულებამ ითამაშა. 33 წლის შემტევი ამბობს, რომ ალესანდრო ფლორენციმ მას კაპიტნის სამკლაურიც შესთავაზა.

„მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ გუნდში დავრჩენილიყავი, რისთვისაც, მინდა, მადლობა გადავუხადო და ამას, როგორც ყოველთვის, მოედანზე შესრულებული სამუშაოთი გავაკეთებ.

ძალიან სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორი ბედნიერია ხალხი ჩემი აქ დარჩენით. მე აქ მეგობრები და ძმები მყავს, ისინი მხოლოდ თანაგუნდელები არ არიან. ისინი ყოველთვის მხარში მედგნენ და მეუბნებოდნენ: „შენ აქ დარჩები და არსად არ წახვალ“.

ამ სიტყვებს განსაკუთრებით ხშირად ლორენცო პელეგრინი და ალესანდრო ფლორენცი მიმეორებდნენ. ფლორენცი საერთოდ დამპირდა, რომ თუკი დავრჩებოდი, კაპიტნის სამკლაურს დამითმობდა. მართლაც, როცა ახალი კონტრაქტი გავაფორმე, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ სამკლაური მე მეკუთვნოდა, თუმცა ვუპასუხე, რომ იგი ჩვენი კაპიტანია და გუნდი მას მხარს უჭერს“.

ედინ ჯეკო „რომას“ რიგებს 2016 წელს შეუერთდა, მას შემდეგ კი „გლადიატორთა“ მაისურით სერია A-ში ჩატარებულ 137 მატჩში 62 გოლი და 25 საგოლე პასი მიითვალა. მან „ჯალოროსისთან“ ხელშეკრულება 3 წლით გაახანგრძლივა და იტალიის დედაქალაქში 2022 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები