Aa
Aa

"რეალის" ექს-მწვრთნელი: "მუნდიალის მოგების გარეშე, მესი ყველა დროის საუკეთესო ვერ გახდება"

თანამედროვე ფეხბურთის გულშემატკივრები ხშირად კამათობენ იმის შესახებ, არის თუ არა ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ანტონიო კამაჩომ დააფიქსირა.

El Mundo-სთან საუბრისას 64 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ „ლა პულგა“ საოცარი მოთამაშეა, მაგრამ დასძინა, რომ მესის ტიტულების კაბინეტს ერთი თასი აკლია.

„ლიონელ მესი გახლავთ ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს. მოედანზე შესაძლოა ორი ერთნაირი სიძლიერის გუნდი გამოვიდეს, მაგრამ თუ ერთ-ერთი მათგანის ღირსებას ლეო იცავს, ძალთა ბალანსი იცვლება“.

„მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მსოფლიოში და მითუმეტეს ისტორიაში საუკეთესო ვერ იქნები, თუ არგენტინელი ხარ და მსოფლიო ჩემპიონატი არ მოგიგია“.

„საფეხბურთო თვალსაზრისით ნაკლებად ტრადიციული ქვეყნებიც არსებობს, სადაც მუნდიალის დასაკუთრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არგენტინა მსოფლიო ფეხბურთში წამყვანი ძალაა“.

„მუნდიალის მოგების გარეშე, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდება“.

„მსოფლიო ჩემპიონატი ნომერ პირველი ტურნირია, რომლის დასასაკუთრებლად უნდა ისწრაფვოდე და არგენტინელი ქომაგები მუნდიალზე გამარჯვების მოპოვებას ყოველთვის მოგთხოვენ“.

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში კამაჩომ დიეგო მარადონაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა: „დიეგო მთელი სერიოზულობით, რომ მოჰკიდებოდა თავის კარიერას, ისე როგორც ეს კრიშტიანუმ და მესიმ გააკეთეს, დღესაც ითამაშებდა და ყველა შეხვედრას მოიგებდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები