''რუსთავის'' გამარჯვება და საეჭვო ეპიზოდები
Aa
Aa
18 აგვისტო 2019  |  13:34

''რუსთავის'' გამარჯვება და საეჭვო ეპიზოდები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ''რუსთავმა'' რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ბოლნისის ''სიონი'' 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 34-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, გიორგი ივანიშვილმა მარჯვენა ფლანგზე მეტოქის ორ ფეხბურთელს აჯობა, მისი ჩაწოდების შემდეგ გამოცდილმა დიმიტრი ტატანაშვილმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ''რუსთავის'' დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა, მცველებმა ''სიონის'' ფორვარდი სრულიად უმეთვალყურეოდ დატოვეს.

36-ე წუთზე ვარლამ კილასონიას გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, ქოჩლაძის გადაცემის შემდეგ იმნაძემ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მისი პასის შემდეგ ბექა ქავთარაძემ მახვილი კუთხიდან გოშაძეს გაუტანა - 1:1.

მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა 76-ე წუთზე მოედნიდან ''სიონის'' მეკარე ოთო გოშაძე გააძევა, რომელიც საჯარიმოს გარეთ ქავთარაძეს დაეჯახა. სტანდარტული ვითარების შესრულებისას მსაჯის აზრით გვარაძეს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დანიშნა, რომელიც დათა სიჭინავამ ზუსტად შეასრულა.

პენალტის ეპიზოდთან დაკავშირებით შეუძლებელია გადაჭრით თქვა მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ახლო ხედით განმეორებითი ჩვენება არ არსებობს.

85-ე წუთზე ტატანაშვილის დარტყმას მეკარე მამარდაშვილი იგერიებს, შემდეგ ''რუსთავის'' მცველის, გიორგი ლაცაბიძის დარტყმისას მის თანაგუნდელ გიორგი ბუგულოვს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე ხვდება, მაგრამ მთავარი მსაჯი თერთმეტმეტრიანს არ ნიშნავს. მსაჯის გადაწყვეტილებას ''სიონის'' მცველთა პროტესტი მოყვა.

ამ გამარჯვებით ''რუსთავმა'' 28 ქულა მოაგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, თუმცა გორის ''დილას'' მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. ნემსაძის გუნდი სამშაბათს ''საბურთალოს'' სტუმრად დაუპირისპირდება. გორული კლუბის გამარჯვების შემთხვევაში ''რუსთავი'' გასავარდნ ზონას დაუბრუნდება.

მთავარი მწვრთნელების, თემურ შალამბერიძისა და ვარლამ კილასონიას მატჩისშემდგომი კომენტარები

ფოტო/ვიდეო: ''რუსთავის'' პრესსამსახური, ''სიონის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები