''საბურთალოს'' სადებიუტო ევროსეზონი კოშმარული მარცხით დასრულდა
Aa
Aa

''საბურთალოს'' სადებიუტო ევროსეზონი კოშმარული მარცხით დასრულდა

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ''საბურთალო'' ''მიხეილ მესხზე'' ''არარატ-არმენიასთან'' 0:2 დამარცხდა. პირველი მატჩი სომხეთში ''საბურთალოს'' გამარჯვებით 1:2 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში სომხეთის ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონი 3:2 დაამარცხა.

''საბურთალოს'' პირველი ევროსეზონი სომხეთის ჩემპიონთან მარცხით დასრულდა. მეტოქე მწვრთნელისა თუ ფეხბურთელების მხრივ თბილისურ კლუბზე გამოცდილი იყო და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

გაცილებით მეტს ველოდით გეგა დიასამიძისგან, რომელიც კრეატიული ნახევარმცველია და საგოლე მომენტების შექმნა კარგად გამოსდის, თუმცა სტუმარი გუნდი თავს კარგად იცავდა და ლამაზი შეტევები, რასაც ''საბურთალოსგან'' მივეჩვიეთ, მხოლოდ ფრაგმენტულად ვნახეთ. ეპიზოდურად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ტექნიკურ ფეხბურთს აჩვენებდა, რაც წარმატებისთვის და შედეგიანი თამაშისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ვარდან მინასიანისა და გიორგი ჭიაბრიშვილის სამწვრთნელო დუელი სომეხი სპეციალისტის გამარჯვებით დასრულდა, რომლის გუნდმა პირველი მატჩისგან განსხვავებით ''საბურთალოს'' სწრაფი შეტევების განვითარების არეალი შეუზღუდა და საკუთარი კარის უსაფრთოებას კარგად  ახერხებდა.

მიუხედავად იმისა, რომ 3 ცენტრალური მცველით თამაში გიორგი ჭიაბრიშვილმა დაცვის პროდუქტიულობის ასამაღლებლად გადაწყვიტა, ორივე გოლი მცველების შეცდომას მოჰყვა. მე-10 წუთზე  ნარსინგის გადაცემისას ცენტრალური მცველები შეცდნენ, რუსმა ანტონ კობიალკომ საჯარიმოში მასპინძელთა მცველებს აჯობა და ანგარიში გახსნა.


 

თბილისურ კლუბს ძალიან უჭირდა რეალური საგოლე მომენტების შექმნა. აღსანიშნავია ნიკა მალის კარისკენ ძლიერი დარტყმა, როცა ბურთი კარის ძელს მოხვდა, თუმცა ეს მაშინ მოხდა, როცა უკვე ანგარიში 0:2 იყო.

მეორე გოლი გიორგი კოხრეიძის არაზუსტი გადაცემით დაიწყო, მეტოქის ნახევრიდან საკუთარ ნახევარზე გრძელი გადაცემა შეასრულა და ფაქტობრივად მეტოქის კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც გიორგი რეხვიაშვილის უხეში თამაშით დასრულდა, ''საბურთალოს'' ცენტრალურმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში მეტოქის შემტევი წესების დარღვევით შეაჩერა და არბიტრმა პენალტი დანიშნა.

მალის ეპიზოდის გარდა აღსანიშნავია ყენიას ჩაწოდების შემდეგ რეხვიაშვილის თავური დარტყმა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.

''არარატ-არმენია'' მესამე გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილ სტუმართა ფორვარდს ომარ მიგინეიშვილმა აჯობა და ბურთი მოიგერია. 

მეორე გოლი 23 წლის სომეხმა პეტროს ავეტისიანმა გაიტანა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ აიკ-ს დუბლი შეუსრულა და ის შეხვედრა სომხეთის ჩემპიონმა შინ 2:1 მოიგო.


ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები