Aa
Aa

სანჩესი ვარჯიშზე თანაგუნდელს დაუპირისპირდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი ბრიტანული პუბლიკის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. The Sun-ის ინფორმაციით 30 წლის ფორვარდს „წითელი ეშმაკების“ ახალგაზრდა ფეხბურთელთან, მეისონ გრინვუდთან ცხარე შელაპარაკება მოუვიდა.

ერთ-ერთი ვარჯიშის მიმდინარეობისას 17 წლის მოთამაშე სანჩესს ეუხეშა, რამაც ამ უკანასკნელის გაბრაზება გამოიწვია. ალექსის ჯერ ახალგაზრდა თანაგუნდელს დაუპირისპირდა, შემდეგ კი ვარჯიშის გუნდთან ერთად გაგრძელებაზე უარი თქვა და ინდივიდუალურად შეუდგა მზადებას. „წითელ ეშმაკებს“ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა, ოლე გუნარ სულშერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სანჩესი მის სამომავლო გეგმებში შედის, თუმცა ბრიტანული პრესა იუწყება, რომ ჩილელი უახლოეს მომავალში „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებს. თავად ფეხბურთელს კარიერის სხვა კლუბში გაგრძელების პერსპექტივა არ ხიბლავს და სურს „წითელ ეშმაკებთან“ ერთად მიაღწიოს წარმატებას.

აქვე დავძენთ, რომ სანჩესის საკუთარ რიგებში ხილვით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული. ერთ-ერთი მათგანი „რომაა“. „ჯალოროსი“ სამხრეთ ამერიკელის იჯარის წესით აყვანზე ფიქრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები