Aa
Aa

რონალდუ "ზიზუს" აქებს - "ზიდანმა თავი განსაკუთრებულად მაგრძნობინა".

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ „სამეფო კლუბის“ ამჟამინდელი თავკაცი, ზინედინ ზიდანი შეაქო. DAZN-სთვის მიცემულ ინტერვიუში პორტუგალიელმა სუპერვარსკლავმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გატარებული წლები გაიხსენა და „ზიზუს“ მიერ მოხდენილ გავლენაზე ისაუბრა.

„საკუთარი თავის რწმენა, რომელიც ფეხბურთელს სჭირდება, არა მხოლოდ მასზე, არამედ მის გარშემო მყოფ მოთამაშეებზე და მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული. ფეხბურთელისთვის აუცილებელია იგრძნოს, რომ განსაკუთრებულია და ზიდანმა მე სწორედ განსაკუთრებულად მაგრძნობინა თავი “.

„მან უდიდესი დახმარება გამიწია. ზიზუს მანამდეც დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ მასთან მუშაობის შემდეგ, მისით უფრო მეტად აღვფრთოვანდი. ეს ყველაფერი ზიდანის პიროვნული მახასიათებლების დამსახურებაა. იგი მეუბნებოდა ხოლმე - კრის, დამშვიდდი და შენს სტილში ითამაშე - შენ ის ფეხბურთელი ხარ, რომელსაც მატჩის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია“.

„ზიზუ სიმართლის თქმას არასდროს ერიდებოდა და მის მიმართ ცხოვრების ბოლომდე სიმპათიები ზუსტად ამიტომ მექნება“.

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში „იუვენტუსის“ ლიდერმა საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვი. პირველ რიგში მთავარია გუნდთან ერთად მოვიგო ტიტულები, რაც ინდივიდუალურ ჯილდოებს მომიტანს. ყოველდღე ვიღვიძებ და ვვარჯიშობ, იმისთვის რომ მიზანს მივაღწიო და არამხოლოდ ფული გამოვიმუშავო. მადლობა ღმერთს, რომ ფული აღარ მჭირდება. მინდა ჩემი სახელი ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს და რაც შეიძლება მეტი და მეტი ტიტული მოვიგო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები