Aa
Aa

ფასონე: "რონალდუ მზად იყო მილანში გადმოსულიყო"

„მილანის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკო ფასონემ კლუბში გატარებული წლები გაიხსენა და „როსონერის“ მაშინდელ სატრანსფერო პოლიტიკას შეეხო. ცოტა ხნის წინ მასიმილიანო მირაბელიმ, რომელიც „მილანის“ სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობდა, განაცხადა, რომ „შავ-წითლები“ კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ტრანსფერი დაბლოკა.

ფასონემ მირაბელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და Sportitalia-სთან საუბრისას აღნიშნა: „პრეზიდენტს კრიშტიანუ რონალდუს შეძენა უნდოდა, მაგრამ კლუბის მესვეურებმა გვითხრეს, რომ ეს მიზანშეუწონელი ტრანსფერი იქნებოდა. რონალდუ მზად იყო ჩვენს წინადადებაზე დაფიქრებულიყო. მილანი ხომ ცნობილი კლუბია, მაგრამ მხოლოდ შიდა განხილვებითა და იმის გაგებით შემოვიფარგლეთ, სურდა თუ არა მას ჩვენთან გადმოსვლა“.

ფასონემ ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერის შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა: „ბონუჩის შეძენა შეცდომა იყო. როცა ლეონარდო გავიფორმეთ, უკვე 8 თუ 9 ფეხბურთელი გვყავდა გადაბირებული. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა კოლექტივი, რომელიც 4-3-3 სათამაშო სქემას მოერგებოდა. იმ მომენტში ბევრი უკანახაზელი გვყავდა და კიდევ ერთი მცველი არაფერში გვჭირდებოდა. მაშინ გუნდს ცენტრფორვარდი აკლდა, რომლის შესაძენადაც 70 მილიონი ევრო გვქონდა გამოყოფილი. საბოლოოდ გადავწყვიტეთ ბიუჯეტი შეგვემცირებინა და გაგვეფორმებინა ფეხბურთელი, რომელიც გასახდელში ლიდერის ფუნქციებს შეითავსებდა. ტოპ დონის თავდამსხმელი რომ შეგვეძინა, ყველაფერი სხვანაირად განვითარდებოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები