Aa
Aa

"მან სიცოცხლე მაჩუქა" - გოგონას ემოციური პოსტი, რომელიც მიხაილოვიჩმა 19 წლის წინ გადაარჩინა

„დილა, 13 ივლისი, 2019 წელი.. პირველი ამბავი, რომელიც დღეს გავიგე სინიშა მიხაილოვიჩს ეხებოდა. "ის ავადაა და სიცოცხლისთვის იბრძვის“, - მომესმა. ჩემი სინიშა? სინიშა, რომელიც ჩემი ტელეფონის ეკრანზეა გამოსახული? ყველაფრის სურვილი დავკარგე, არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა...

სინიშა მიხაილოვიჩი - კაცი, ფეხბურთელი, პატრიოტი, ჰუმანისტი, მამა, მეუღლე და ყოველმხრივ ბრწყინვალე პიროვნება. ადამიანი, რომელმაც 19 წლის წინ სიცოცხლე მაჩუქა. მან მომცა საშუალება ვყოფილიყავი ის, ვინც ახლა ვარ და მქონოდა ცხოვრება, რომელიც მაქვს, რომელი გზითაც დავდივარ...

მინდა, დაგეხმარო, ისევე, როგორც შენ დამეხმარე. მინდა, გნახო, ჩაგეხუტო და გითხრა, რომ შენ ამ ბრძოლას მოიგებ. თუმცა, ლოცვის მეტი არაფერი შემიძლია, ლოცვა - შენი მორიგი გამარჯვებისთვის! მე შენთვის ვილოცებ, მიხა ლეგენდავ, მიხა მეფეო, მიხა... იბრძოლე! არ დანებდე! შენ გაიმარჯვებ!“. - წერდა ახალგაზრდა გოგონა ნიკოლინა რადუნოვიჩი 13 ივლისს "ფეისბუქზე".

ლეგენდარულმა სერბმა ფეხბურთელმა 19 წლის წინ, 2000 წელს, ამ გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა, ისე, რომ იგი დღემდე არ უნახავს. სინიშა მაშინ „ლაციოში“ თამაშობდა, მას გოგონას შესახებ უთხრეს, რომელიც გულის თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა. სასიცოცხლოდ აუცილებელი ოპერაციის თანხის უდიდესი ნაწილი თავად მიხაილოვიჩმა გადაიხადა, დანარჩენი კი - „ლაციალეს“ სხვა ფეხბურთელებმა.

ნიკოლინა დღეს ლამაზი გოგონაა და ცხოვრებით ტკბება. სინიშას კი რამდენიმე კვირის წინ ლეიკემია დაუდგინეს და სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ დაავადება ადრეულ სტადიაზეა აღმოჩენილი. სინიშას სრულიად საფეხბურთო სამყარო მხარდაჭერას უცხადებს.

მისმა ამჟამინდელმა კლუბმა, „ბოლონიამ“, მზადყოფნა გამოთქვა, რომ სერბი პოსტზე დატოვოს და დაავადებასთან ბრძოლაში ხელი შეუწყოს - „მიხა“ საყვარელ საქმეს გააკეთებს, პარალელურად კი ქიმიოთერაპიის კურსს გაივლის. მან კურსის პირველი ეტაპი უკვე ჩაიტარა და ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები