Aa
Aa

რონალდუ: "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოიგებს"

ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავი, კრიშტიანუ რონალდუ დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგას დაისაკუთრებს. „ბებერი ქალბატონი“ ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დიდი ხანია უმიზნებს. „იუვემ“ სანუკვარი თასი ბოლოს 1996 წელს აღმართა და რონალდუს სჯერა, რომ ტურინელთა წარუმატებელ სვლას ბოლო სულ მალე მოეღება.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა საკუთარი პროგნოზი Marca-სთან საუბრისას გამოთქვა და განაცხადა: „მადრიდში მიღწეული წარმატების შემდეგ ცვლილებები და ახალი მოტივაცია მჭირდებოდა. გამარჯვებების მოსაპოვებლად ძალა კვლავ მაქვს. იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოიგებს. არ ვიცი ეს წელს მოხდება თუ გაისად, მაგრამ მიზანს მივაღწევთ“.

რონალდუმ აღნიშნული კომენტარი Marca-ს მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე ლეგენდის ჯილდოს მიღების შემდეგ გააკეთა. ესპანურმა გამოცემამ 34 წლის სუპერვარსკლავს ფენომენალური მადრიდული კარიერა დაუფასა. ღონისძიებას ფეხბურთელის მეუღლე - ჯორჯინა როდრიგესი, მისი აგენტი - ჟორჟე მენდეში და "რეალის" პრეზიდენტი - ფლორენტინო პერესი ესწრებოდნენ.

რონალდუმ „სანტიაგო ბერნაბეუ“ 2018 წელს დატოვა. თუმცა მანამდე „სამეფო კლუბთან“ ერთად უდიდეს წარმატებას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგა მიჯრით სამჯერ დაისაკუთრა. კრიშტიანუ „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, მან "ბლანკოსის" მეტოქეები 451-ჯერ დაამწუხრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები