გარი ლინეკერი: "ეს საფეხბურთო სამყაროს ყველაზე დიდი შოკია"!
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ამ ქვეყნის ნაკრებში 80 მატჩში 48 გოლის გამტანმა გარი ლინეკერმა ტელეკომპანია skysports-თან ინტერვიუში "ლესტერის" გაჩემპიონება ასე შეაფასა:
"ეს დაუჯერებელია, საოცარი მიღწევა, რომელიც არავის არასდროს დაავიწყდება. მეც და ჩემი 3 შვილიც "ლესტერს" ვგულშემატკივრობთ და ძალიან გახარებულები ვართ. შაბათს "კინგ პოუერ სთედიუმზე" დიდი ზეიმი იქნება და არ ვაპირებ მას გამოვაკლდე".
"ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი მოულოდნელობაა, რაც კი ოდესმე სპორტში მომხდარა, 1 წლის წინ ამის მთქმელს გიჟად ჩათვლიდნენ და აბსოლუტურად სამართლიანად... თუმცა ამ ფანტასტიურმა გუნდმა ეს დაიმსახურა"!
"ლესტერს" ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და როცა 7 წლის გავხდი, მას მერე მუდმივად სეზონის წინ "ლესტერის" საშინაო მატჩების აბონიმენტით ვსარგებლობდი. მე მახსოვს თასის ფინალი და იქ მარცხი... ეს კი დაუჯერებელია, დიდი გამარჯვება და დიდი სიხარული, რომელიც გუნდის თითოეულმა წევრმა და ფანებმა დაიმსახურეს". - ამბობს skysports-ის პირდაპირ ეთერში აღფრთოვანებული ლინეკერი.