Aa
Aa

"მილანი" კორეას ტრანსფერისთვის სილვას და კუტრონეს გაყიდვას გეგმავს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკოს“ 24 წლის არგენტინელი შემტევი, ანხელ კორეა, შესაძლოა, „მილანის“ რიგებში ვიხილოთ.

„როხიბლანკო“ ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არაა, თუმცა მას საკმაოდ სოლიდურ თანხად - 55 მილიონ ევროდ აფასებს. სავარაუდოდ, მილანელები ამ თანხას პირდაპირ ვერ გადაიხდიან, ამიტომ, როგორც პრესაში იწერება, ტრანსფერში ანდრე სილვას ან პატრიკ კუტრონეს ჩართავენ.

მეორე მხრივ, ისიც შესაძლებელია, „როსონერი“ ხსენებული თავდამსხმელები სხვა კლუბებში გაყიდონ და ამით კორეასთვის გადასახდელი თანხა გამოიმუშავოს. სილვას ფრანგული „მონაკო“ ეპატიჟება, კუტრონეს გადაბირება კი ინგლისურ „ვულვერჰემპტონს“ სურს.

Sky Sport Italia გვამცნობს, რომ სატრანსფერო სამკუთხედს სუპერაგენტი ჟორჟე მენდეში ხელმძღვანელობს, რომელიც მოლაპარაკებებს „მილანთან“ და კორეას წარმომადგენლებთან მართავს. მენდეში თანამემამულე ანდრე სილვას აგენტია და საკუთარი კლიენტის ისეთ კლუბში დაბინავება უნდა, რომელშიც სათამაშო პრაქტიკა ექნება.

ანხელ კორეას „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იგი მადრიდელთა ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები