კვარაცხელიას უცნაური ტრანსფერი... კონტრაქტი გაწყდა და ფარული შეთანხმება შედგა?
Aa
Aa

კვარაცხელიას უცნაური ტრანსფერი... კონტრაქტი გაწყდა და ფარული შეთანხმება შედგა?

რუსული ყაზანის ''რუბინის'' ქართველი ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა. 18 წლის ტალანტი იმედოვნებს, რომ ახალ კლუბში ადაპტაციას სწრაფად გაივლის და გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარება, თუმცა მის ტრანსფერთან დაკავშირებით რჩება გაურკვევლობა, რაც შემდეგში გამოიხატება: საფეხბურთო კლუბ ''რუსთავის'' დირექტორი ბადრი მაჭავარიანი აცხადებს, რომ კვარაცხელია კვლავ ''რუსთავის'' საკუთრებაშია, ხოლო ფეხბურთელის მამის, ბადრი კვარაცხელიას თქმით მოთამაშესა და კლუბს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პირველ ივლისს კვარაცხელიასა და ''რუსთავს'' შორის კონტრაქტი გაუქმდა.

ცხადია ფეხბურთელის გადასაწყვეტია რომელ კლუბს მიანიჭებს უპირატესობას, მოსკოვის ''ლოკომოტივს'' თუ ყაზანის ''რუბინს,'' მაგრამ ჩნდება კითხვები:

1. საფეხბურთო კლუბი ''რუსთავი'' ფეხბურთელის სანაცვლოდ მიიღებს თუ არა სატრანსფერო თანხას?

2. თუ კვარაცხელიასა და ''რუსთავს'' შორის კონტრაქტი პირველ ივლისს გაწყდა, ''რუსთავი'' რატომ დასთანხმდა კონტრაქტის გაწყვეტას?

3. თუ ''რუსთავი'' კონტრაქტის გაწყვეტას დასთანხმდა, რატომ არ სურდა სატრანსფერო თანხის მიღება?

4. თუ ''რუსთავს'' არ სურდა სატრანსფერო თანხის მიღება, ''რუბინისგან,'' ფეხბურთელისგან ან ფეხბურთელის მენეჯერისგან შეთავაზების სახით მიიღო თუ არა სატრანსფერო თანხაზე უარის თქმის სანაცვლოდ უფრო მისაღები, უფრო ხელსაყრელი წინადადება?

კვარაცხელიასთან დაკავშირებით რუსულმა მედიამ გაავრცელა ის ფინანსური დეტალები, რის გამოც არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი მოსკოვურ გუნდში. Metaratings.ru-ს ცნობით ''რუბინში'' გადასვლით კვარაცხელია 500 000 ევროს ბონუსის სახით მიიღებს. ყაზანურ კლუბში კვარაცხელიას ყოველთვიური ხელფასი 30 000 ევრო იქნება, თუმცა კონტრაქტში ასევე ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვით ფეხბურთელის ხელფასი 50 000 ევრომდე გაიზრდება.

ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ რუსული მედიის ცნობით ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი 3 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა მოგვიანებით ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ CrystalSport-თან საუბარში განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით რუსულ მედიაში თანხებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ინფორმაცია ასევე უარყო ხვიჩა კვარაცხელიამ.

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის ''ლოკომოტივიდან'' წასვლა გადაწყვიტა და უპირატესობა ყაზანის ''რუბინს'' მიანიჭა, რუსუ მედიაში ''ლოკომოტივის'' ყოფილი გენერალური დირექტორის, ილია გერკუსის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც ლოგიკურ კითხვას სვამს: ''რატომ უნდა დატოვო გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და რატომ უნდა გააგრძელო კარიერა ყაზანის ''რუბინში,'' რომელიც გასულ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა? მისი არჩევანია გაუგებარია. როგორ მოხდა ასეთი რამე? სწორად ესმოდა ხვიჩას თუ რას აკეთებდა? კითხვა პასუხის გარეშე რჩება.''

მიუხედავად იმისა, რომ სიომინის გუნდში 18 წლის ქართველ ტალანტს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის რეალური შანსი ექნებოდა, კვარაცხელია ''რუბინის'' ოფიციალურ ვებგვერდთან ამბობს, რომ კლუბის შეთავაზებამ მოხიბლა:''რუბინში'' არაერთ ქართველს უთამაშია. იმედი მაქვს ადაპტაციას სწრაფად გავივლი. მთავარ მწვრთნელ რომან შარონოვს ვესაუბრე და ამიხსნა თუ რაზე უნდა გავაკეთო აქცენტი, რა კომპონენტებში უნდა დავიხვეწო.

''რუბინში'' ზურიკო დავითაშვილი დამხვდა. მასთან ერთად თბილისის ''დინამოს'' აკადემიაში ვვარჯიშობდი. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.

ყაზანურმა შემოთავაზებამ მომხიბლა. ჩემს ასაკში მუდმივი სათამაშო დრო აუცილებელია. მსურს გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარო.''

2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარი კვარაცხელიამ ''რუსთავიდან'' იჯარის წესით მოსკოვის ''ლოკომოტივში'' გაატარა. მან პრემიერ ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი ყაზანის ''რუბინს'' შეუგდო. ასევე აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ ''ლოკომოტივთან'' ერთად რუსეთის თასი მოიგო. საერთო ჯამში ქართველმა ტალანტმა რუსეთის თასზე 3 მატჩი ჩაატარა. მან ფინალურ შეხვედრაში ''ურალთან'' მოგებულ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

ფოტო/ვიდეო: fclm.ru, rubin-kazan.ru

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები