უაითისთვის არმანი ბევრ ცეცხლს უშვებს - ოლივეირამ სომეხს პრობლემების მოგვარება ურჩია
UFC 326-ის დასრულების შემდეგ, BMF-ის ქამრის ახალ მფლობელს ჩარლზ ოლივეირას პრესკონფერენციაზე უამრავი შეკითხვა დაუსვეს, ერთ-ერთი კი არმან ცარუკიანს შეეხებოდა. მედიის წარმომადგენელმა „დუ ბრონქსს“ ჰკითხა, მზად იყო თუ არა მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველ ნომერთან შესახვედრად, რაზეც ბრაზილიელისგან ასეთი პასუხი მიიღეს: „დაინტერესებული ვარ თუ არა არმანთან ჩხუბით? მე მასთან პრობლემები არ მაქვს, მას პრობლემები UFC-სთან აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სატიტულო ჩხუბს დიდი ხნის მიიღებდა. ასე რომ სჯობს ცარუკიანმა პრომოუშენთან ურთიერთობები დაალაგოს და ამის შემდეგ ვისაუბროთ“.
ცარუკიანზე საუბარი დღეს მხოლოდ ოლივეირასთან შეკითხვის დასმით არ ამოწურულა. ბუნებრივია, სომეხზე ჩამოუგდეს ლაპარაკი UFC-ის აღმასრულებელ დირექტორ დენა უაითსაც, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„RAF-ის ღონისძიებისას მისი საქციელი არ მომეწონა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ჩემი პრობლემა არ გახლავთ. მსუბუქი წონითი დივიზიონი ნელ-ნელა იქოქება და წინ საინტერესო ბრძოლები გველის, ცარუკიანთან კი იმედია ურთიერთობას დავალაგებთ.
ესაუბრა თუ არა ჰანტერ კემპბელი არმანს? წარმოდგენა არ მაქვს. პირადად მე ამჟამად ცარუკიანით აღფრთოვანებული არ ვარ და ამის მიზეზები უკვე დიდი ხანია საჯაროა, დეტალებში კი აღარ შევალ. კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, არმანი კი ბოლო პერიოდში ბევრ ცეცხლს უშვებს“.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა დღევანდელი ღონისძიების შემდეგაც გააკეთა კომენტარი და იმედი დაიტოვა, რომ ჯასტინ გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ის იქნება.