პეპის პასუხი ვან გაალს:
Aa
Aa

პეპის პასუხი ვან გაალს: "ისევე როგორც კრუიფი, ისიც პირდაპირ საუბრობს"

რამდენიმე დღის წინ ლუი ვან გაალმა ლეო მესი გააკრიტიკა და „ბარსელონას“ ბოლოდროინდელ წარუმატებლობებში ბრალი არგენტინელსაც დასდო.

ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, მესის იდეალურად მხოლოდ პეპ გუარდიოლა იყენებდა.

"გუარდიოლა ერთადერთი მწვრთნელი იყო, რომელიც მესის სწორად იყენებდა. პეპის დროს მესი გუნდზე თამაშობდა და მისთვის სარგებელიც მოჰქონდა.

ბოლო წლებში კი "ბარსას" მწვრთნელები მესიზე ზედმეტად ადაპტირდნენ, იმის ნაცვლად რომ აქცენტი გუნდზე გაეკეთებინათ.

გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანია. მესი გუარდიოლას გეგმას კარგად ეწყობოდა და არა პირიქით.

ახლა გუნდი ეწყობა მესის და კარგად ვხედავთ რაც ხდება, "ბარსას" უკვე 5 წელია ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია. ჰკითხოს მესიმ საკუთარ თავს, თუ რატომ ხდება ასე.

გუნდში 30-მდე მოთამაშეა და მესი მათთან უნდა ადაპტირდეს და არა პირიქით.

ვუყურებ არგენტინის ნაკრების მატჩებს და ვხედავ, რომ მესი და აგუერო უბურთოდ ყოფნისას გუნდს დაცვაში საერთოდ არ ეხმარებიან.

მსგავსი ქმედება მოედანზე საბოლოო ჯამში გუნდისთვის პრობლემებს ქმნის“.

გუარდიოლამ ვან გაალის ამ საინტერესო მოსაზრებას დღეს საკმაოდ ვრცელი და არანაკლებ საინტერესო პასუხი გასცა:

„მიზეზი იმისა რატომაც მესი ფლანგიდან ცენტრში გადმოვიყვანე იყო შეტევების გაძლიერება და ასევე დაცვაში უკეთესად თამაში.

ევროპაში ბევრი მცველი შეტევაში ხშირად ერთვება. არ მინდოდა, რომ მესი ფიზიკურად ზედმეტად დამეხარჯა. ასეთ სიტუაციაში ის თავის ტალანტსა და შესაძლებლობებს მოედნის ბოლო მონაკვეთში, მეტოქის საჯარიმოსთან გაცილებით ეფექტურად იყენებს.

მე ვუყურე მატჩს „ბარსელონსა“ და „ლივერპულს“ შორის, რომელიც „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მესი მთელს მოედანზე გიჟივით დარბოდა. არ ვთვლი, რომ „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგა მესის გამო ვერ მოიგო“.

პეპმა არ უპასუხა იმ კითხვას, რომელიც მისი წასვლის შემდეგ „ბარსას“ თავკაცებსა და მესისთან მათ მუშაობას ეხებოდა. ვან გაალის თქმით მათ ლეო გუნდს ვერ მოარგეს და ეს პირიქით გააკეთეს.

„ეს კითხვა დისკომფორტს მიქმნის, რადგან მე ამჟამად გუნდში არსებული სიტუაცია არ ვიცი და შესაძლოა შევცდე.

„ბარსამ“ გასულ სეზონში თითქმის ტრიპლეტი შეასრულა. თუ ისინი ფინალამდე მივიდოდნენ, მის მოგებას აუცილებლად შეძლებდნენ.

მე შემიძლია გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას ვცდილობდი მესისთან ერთად.

პირველივე დღიდანვე ვცდილობდი, რომ მისთვის გუნდზე თამაში მესწავლებინა. ამჟამად იგივეს ვაკეთებ აგუეროსთან მიმართებაშიც.

ვინ ვარ მე, რომ სხვა მწვრთნელების მუშაობა შევაფასო? ნამდვილად ვწუხდები, როდესაც სხვა მწვრთნელები ჩემს სამუშაოს განსჯიან.

ისევე როგორც კრუიფი, ვან გაალიც პირდაპირ საუბრობს. მე ბევრად უფრო ფრთხილად ვმოქმედებ, რადგან არ მინდა რომ ვინმეს ზიანი მივაყენო. არ მინდა, რომ ჩემი სიტყვები პრესამ არასწორად თარგმნოს“.

აღსანიშნავია, რომ მესისა და აგუეროს თავიანთ კლუბებში ამჟამინდელი სათამაშო სტილი, არგენტინის ნაკრებში მათ ასპარეზობაზე გავლენას პირდაპირ ახდენს.

„ბარსელონა“ და „სიტი“ ამ ორ მოთამაშეს მოედანზე მაქსიმალურ ქომფორტს უქმნის და მათ ზედმეტ დატვირთვას თავიდან არიდებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მოთამაშე, რომელიც მინდორზე გადის, მესისა და აგუეროს უსიტყვოდ უგებს, რასაც ნაკრებში მათ თანაგუნდელებზე ვერ ვიტყვით.

ის რაც ვან გაალმა თქვა პრაქტიკულად 100%-ით სწორია. თავის მხრივ პეპის პასუხიც მისაღებია, რადგან მისმა ტაქტიკამ ამ ორი მოთამაშის კარიერაზე მხოლოდ დადებითი ზეგავლენა მოახდინა.

რასაც არგენტინის ნაკრები თამაშობს, ეს მხოლოდ მათი ბრალია და მათი პრობლემაა. „ალბისელესტეს“ დამრიგებლები ევროპული დონისგან ძალიან, ძალიან შორს არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები