Aa
Aa

"წასასვლელად იდალური დრო დადგა" - სილვა "სიტის" ტოვებს

ესპანელმა ვარსკვლავმა, დავიდ სილვამ, „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის თარიღი გამოაცხადა. 33 წლის ნახევარმცველის თქმით, იგი „ქალაქელთა“ რიგებს მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

სილვამ ჩინეთის ჩემპიონატში გადასვლა აქედანვე გამორიცხა, საამისოდ საუკეთესო ადგილად კანარის კუნძულების წარმომადგენელი „ლას პალმასი“ დაასახელა, თუმცა მოვლენათა ასეთ განვითარებას მაინც ნაკლებად მოსალოდნელად თვლის.

„ეს ჩემთვის „სიტიში“ გატარებული ბოლო სეზონი იქნება, ვთვლი, რომ 10 წელი საკმარისია და წასასვლელად იდეალური დრო დადგა. კლუბმა სხვაგვარი წინადადებებიც შემომთავაზა, თუმცა მორჩა - მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებ და შემდეგ წავალ.

გუნდში და მთლიანად ქალაქში ჩემ მიმართ გამოხატული დამოკიდებულება მაბედნიერებს და ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ. ბავშვობაში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ „სიტიში“ ასეთ 10-წლიან პერიოდს გავატარებდი და პრაქტიკულად ყველაფერს მოვიგებდი, ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემი პრიორიტეტი ოჯახი და მასთან გატარებული მეტი დრო იქნება. ჩინეთში გადასვლას გამოვრიცხავ, კარიერის დასასრულებლად ძალიან კარგი ვარიანტი „ლას პალმასია“, თუმცა ფეხბურთი შეიცვალა და, სამწუხაროდ, მეორე დივიზიონში წასვლა არ შემიძლია“.

სილვა კანარის კუნძულების ერთ-ერთ ქალაქ არგინეგინშია დაბადებული, თუმცა ფეხბურთში პირველი ნაბიჯები „ვალენსიაში“ გადადგა, რომლის ძირითად გუნდშიც 6 წლის განმავლობაში თამაშობდა, 2010 წლიდან კი „სიტის“ ღირსებას იცავს.

მსოფლიოსა და ორგზის ევროპის ჩემპიონმა ესპანელმა შუახაზელმა „ქალაქელებთან“ ერთად 4-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ასოციაციის თასი და 4-ჯერ ლიგის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები