ჭიაბრიშვილი:''მსურდა ''სელტიკს'' შევხვედროდით... ვეცდებით ქომაგი გავახაროთ''
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი:''მსურდა ''სელტიკს'' შევხვედროდით... ვეცდებით ქომაგი გავახაროთ''

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ''საბურთალო'' ტირასპოლის ''შერიფს'' შეხვდება. კენჭისყრა თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაფასა. ჭიაბრიშვილმა აღიარა, რომ შოტლანდიურ გლაზგოს ''სელტიკთან'' შეხვედრა სურდა.

საქართველოს თასის 1/8-ფინალში ''სამტრედია'' საკუთარ კედლებში ''საბურთალოსთან'' 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ჭიაბრიშვილი თბილისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

გიორგი ჭიაბრიშვილი:''ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი სუსტი გუნდი არ არსებობს. ხუთი სავარაუდო მეტოქედან შესაძლო იყო სხვა გუნდებიც შეგვხვედროდა, მაგრამ მოწინააღმდეგედ მოლდოვური ''შერიფი'' გვერგო. სიმართლე გითხრათ, სურვილი მქონდა გლაზგოს ''სელტიკს'' შევხვედროდით.

''შერიფის'' თამაში ბოლოს ქუთაისის ''ტორპედოს'' წინააღმდეგ ვნახე, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ წელს შეხვდა. ამ ეტაპზე ვიცი ისიც, რომ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ლეანდრო რიბეირო ''შერიფში'' ირიცხება, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

რაც შეეხება საშინაო თუ საგარეო შეხვედრას, მერჩივნა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გვქონოდა, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. ვეცდებით, ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი.''

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''შერიფისა'' და ''საბურთალოს'' დაპირისპირების პირველი მატჩი 10 ივლისს მოლდოვაში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი - 17 ივლისს ''მიხეილ მესხზე.''

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''საბურთალოს'' სავარაუდო მეტოქეები ბრატისლავას ''სლოვანი,'' ''ყარაბაღი,'' ''დუდელანჟი,'' გლაზგოს ''სელტიკი'' და ტირასპოლის ''შერიფი'' იყვნენ.

1999 წლის 20 აგვისტოს დაარსებული თბილისური კლუბი ევროპულ ტურნირზე პირველად იასპარეზებს. ''საბურთალო'' 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ფოტო: fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები