Sport - ნეიმარი და
Aa
Aa

Sport - ნეიმარი და "პსჟ" "განქორწინდნენ"

ნეიმარი „ბარსელონას“ სულ უფრო და უფრო უახლოვდება. კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით „პსჟ-სა“ და ბრაზილიელს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია და გამორიცხული არაა "ნეიმ" ზაფხულში „პარკ დე პრენსი“ დატოვოს.

მაისში 27 წლის შემტევმა კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ პარიზში დარჩენა მის ინტერესებში აღარ შედიოდა. ბრაზილიელს კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება შარშანაც სურდა, თუმცა მაშინ „პსჟ-მ“ არ გაუშვა. წელს კი ყველაფერი სხვანაირადაა.

„ნეის“ ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ-ს" წარუმატებელი გამოსვლა ყელში ამოუვიდა და ლა ლიგაში დაბრუნებას აპირებს. „ბარსელონას“ მესვეურები „პარკ დე პრენსზე“ მიმდინარე მოვლენებს თვალს დიდი ყურადღებით ადევნებენ და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან პარიზელებს წინადადებით მიმართონ.

ნეიმარი ხვდება, რომ „კამპ ნოუს“ დატოვება შეცდომა იყო. მან ასეთი გადაწყვეტილება ფულის გამო მიიღო და ახლა სურს „ბლაუგრანას“ გრანდიოზულ პროექტს დაუბრუნდეს. ორი წლის შემდეგ სურათი რადიკალურად განსხვავებულია. „ნეის“ პარიზული გუნდი საჭირო დახმარებას ვერ უწევს და ლიგა ერთში მის წინააღმდეგ გაცილებით ხშირად უხეშობენ, ვიდრე ლა ლიგაში.

ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი სეზონის ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ეს „პსჟ-ს“ მშვენივრად მოეხსენება. პარიზელებმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სცადეს, მაგრამ ამჯერად ბრაზილიელისთვის ფული პირველ ადგილზე არ დგას. ნეიმარს მნიშვნელოვანი ტიტულების მოპოვება უნდა და დარწმუნებულია, რომ მიზანს მხოლოდ „ბარსელონაში“ მიაღწევს. „ბლაუგრანას“ ფეხბურთელები მის დაბრუნებას მიესალმებიან და თავად „ნეის“ მესისა და სუარესის მხარდამხარ თამაში სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები