იმედგაცრუებული ხარაიშვილი: ''გაძევებას არ ვიმსახურებდი''
Aa
Aa

იმედგაცრუებული ხარაიშვილი: ''გაძევებას არ ვიმსახურებდი''

შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში ''იურგორდენმა'' შინ ''გიოტებორგი'' 2:1 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ხარაიშვილმა ითამაშა. 55-ე წუთზე არბიტრმა ქართველ ლეგიონერს ყვითელი ბარათი უჩვენა. 67-ე წუთზე ხარაიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

როგორც შვედური გამოცემა aftonbladet-ი წერს, მეორე ყვითელი ბარათის მიღებისას ხარაიშვილს ხელოვნურ საფარზე ფეხი დაუსრიალდა, რის შემდეგაც მეტოქისკენ ინერციით წავიდა და თამაშის წესი დაარღვია. ქართველ ფეხბურთელს უხეშად განზრახ არ უთამაშია.

ასევე აღსანიშნავია, რომ ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატში მეორე სეზონს ატარებს და პირველი ყვითელი ბარათი ''იურგორდენთან'' მატჩში მიიღო. 

მატჩის შემდეგ გიორგი ხარაიშვილი შვედურ მედიას ესაუბრა. expressen-თან საუბარში ხარაიშვილმა განაცხადა: ''ვფიქრობ მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება არასწორი გადაწყვეტილება იყო. იმედგაცრუებული ვარ. უხეშად განზრახ არ მითამაშია, მოედანი სველი იყო, ფეხი დამისრიალდა, რაც მატჩის მიმდინარეობისას სხვა ფეხბურთელებსაც მოუვიდათ.''

ხარაიშვილი იმედგაცრუებული ორი ფაქტის გამო იყო. გაძევების გარდა ''იურგორდენმა'' რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფ ''გიოტებორგს'' გამარჯვების გოლი გაუტანა და ქართველის გუნდი ქულის გარეშე დარჩა.

გიორგი ხარაიშვილმა კარიერაში მეორე წითელი ბარათი მიიღო. პირველად 2014 წლის 28 მარტს გააძევეს, როცა მისი გუნდი ''საბურთალო'' ბათუმის ''დინამოსთან'' გასვლით მატჩში დამარცხდა. ამ პერიოდში ''საბურთალო'' საქართველოს რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობდა.

''იურგორდენთან'' მატჩამდე ხარაიშვილმა ''ელფსბორგთან'' შეხვედრაში პენალტი ვერ გაიტანა. ასე რომ გასული ორი მატჩი ხარაიშვილისთვის წარუმატებელი გამოვიდა. მისმა გუნდმა საწყის სამ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოაგროვა.

''იურგორდენთან'' შეხვედრაში ხარაიშვილი აქტიურობდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. აღსანიშნავია მის მიერ ქუსლით შესრულებული პასი, რის შემდეგაც მისმა თანაგუნდელმა ბურთი კარის ძელს გაარტყა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები