კვეკვესკირი:
Aa
Aa

კვეკვესკირი: "ქართველ ქომაგზე უფრო დიდი სიხარულისა და ტკივილის მონიჭება არავის შეუძლია"

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველო შინ ''დინამო არენაზე'' შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა. მეორე ტურში მიკ მაკარტის ირლანდიამ ''ავივაზე'' 1:0 მოუგო ვაისის გუნდს. განვლილი ორი შეხვედრის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი CrystalSport-ს ესაუბრა.

- როგორ ფიქრობ რატომ ვერ ვითამაშეთ შინაარსიანი ფეხბურთი, რაც ვაისის ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან დამახასიათებელი იყო ?

- შინაარსი ყველა თამაშსა და სტილში დევს. თქვენ ალბათ არ მოგეწონათ ის შინაარსი, რაც ჩვენს თამაშში იდო. რთულია არ დაგეთანხმოთ. თამაშის ხარისხით არც ფეხბურთელები ვართ კმაყოფილები. მიზეზი ბევრია, ობიექტური თუ სუბიექტური. სჯობს თამაშის სურათზე, შინაარსსა და ტაქტიკაზე მწვრთნელმა ისაუბროს. მან გაარჩიოს თამაში დეტალურად.

- მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში თითქმის ყოველ მატჩში ერთ ტაიმს მაღალ დონეზე ვთამაშობდით, მაგალითად სერბეთთან საშინაო მატჩი, უელსთან გასვლითი შეხვედრა. გასულ ორ შეხვედრაში დაახლოებით ამ დონის გუნდებს შევხვდით, მაგრამ შეტევის ხაზში კომბინაციური ფეხბურთი ფრაგმენტულადაც ვერ ვითამაშეთ. ეროვნული ნაკრები რეგრესის გზაზეა?

- ეროვნული ნაკრები ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც უპირველესად ფეხბურთელების მზადყოფნაზეა დამოკიდებული. ადრეც გვიწევდა ბევრი ლიდერის გარეშე თამაში, რასაც თითქოს მივეჩვიეთ, მაგრამ ასეთ დონეზე, როცა ბევრი ლიდერი გაკლია, რთულია კომბინაციური ფეხბურთის თამაში, რადგან კომბინაციური ფეხბურთი სწორ შერჩეულ ტაქტიკასთან ერთად ინდივიდუალურად მაღალ დონეზე მომზადებულ მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ამ კონკრეტულ მატჩებში ლიდერთა შესაცვლელად მზად არ აღმოვჩნდით. ფეხბურთელთა დიდ ნაწილს, რომლებმაც შვეიცარიასთან და ირლანდიასთან ითამაშეს, ორი პრობლემა ჰქონდათ, ზოგს სათამაშო პრაქტიკა აკლდა, ზოგი კი ტრავმის შემდეგ ახლახანს დაუბრუნდა მინდორს. ნაკრები ამ მატჩებს არ შეხვდა იმდენად მზად, რაც შვეიცარიასთან და ირლანდიასთან წარმატებებს მოგვიტანდა, მაგრამ რეგრესზე საუბარი ჩემი აზრით უადგილოა.

- ირლანდიასთან პირველ ტაიმში ერთ მომენტში კარისკენ ძალიან შორიდან დაარტყი. ცუდად დარტყმულის შეფასება ადვილია, მაგრამ თამაშში სადაც ბურთის კონტროლი ძალიან გვიჭირდა, ამ კონკრეტულ ეპიზოდში ხომ არ ჯობდა კარისკენ დარტყმას აქცენტი ბურთის კონტროლზე გაგეკეთებინა?

- ალბათ ერთ-ერთი ისეთი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც სიამოვნებას ბურთის დაჭერა ანიჭებს და ყოველთვის უკეთეს პარტნიორს ეძებს, რაც არ მგონია მინდორზე შეუმჩნეველი იყოს. დარტყმას რაც შეეხება, ეს ხომ გოლის გატანის ყველაზე ახლო გზაა. ამ თამაშში, მით უმეტეს გოლის გაშვების შემდეგ გვჭირდებოდა გოლი და არა ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი. ასე დარტყმულს ალბათ ყველაფერი სჯობდა, მაგრამ ანალოგიურ ვითარებაში ახლაც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი.

- ის ფაქტი, რომ ორივე შეხვედრაში ბურთის დაჭერა ძალიან გაგიჭირდათ, არასათანადო ფიზიკური მომზადებით აიხსნება?

- ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. როგორც მოწინააღმდეგე გუნდის სიძლიერემ, ასევე ჩვენი გუნდის ტაქტიკურმა მომზადებამ, ზოგადად გუნდისა და თითოეული ფეხბურთელის ტექნიკურმა ქმედებებმა. რა თქმა უნდა, როცა ასე ძლიერ გუნდს ეთამაშები, ფიზიკური კონდიციებიც უმაღლეს დონეზე უნდა გქონდეს, რომ ბურთი და თამაშის ტემპი გააკონტროლო, მაგრამ უკვე კარგია და საინტერესო ფაქტია, როცა შვეიცარიის დონის ნაკრებთან თამაშის გაკონტროლების პრეტენზია გვაქვს.

- გამომდინარე იქიდან, რომ შვეიცარიის და ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელები ქართველებთან შედარებით გაცილებით მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, უსაფუძვლო ხომ არ არის ქომაგთა მოთხოვნა, როცა მათთან ქულის ან ქულების მოპოვებას გთხოვენ და შემდეგ მათგან კრიტიკას იღებთ?

- ფეხბურთში ჩვეულებრივი მომენტია, როცა ქომაგი გამარჯვებას ითხოვს და დამარცხებულს გაკრიტიკებს. რა თქმა უნდა ზოგჯერ კრიტიკა ყველანაირ ლოგიკურ აზრს მოკლებულია, მაგრამ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი კორექტულ ფორმებში დააფიქსიროს. 

ქართველ გულშემატკივარზე უფრო დიდი მოტივაციის, სიხარულისა და ტკივილის მონიჭება არავის შეუძლია. დიდი მადლობა ყველას, ვინც შვეიცარიასთან მატჩის ბოლომდე გვქომაგობდა, სტადიონი ნაადრევად არ დატოვა და ჩვენს გვერდით ბოლომდე იდგა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენი თამაშით იმედგაცრუებულნი იყვნენ.

- შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ცხადია გულდაწყვეტილები იქნებოდით. ირლანდიასთან მატჩამდე ფსიქოლოგიურად მომზადება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მოახერხეთ?

- ჩემი აზრით ბოლომდე ვერ მოვახერხეთ, რისი დასტურიც მატჩის საწყისი წუთებია. თითოეული ფეხბურთელისთვის შვეიცარიასთან მარცხი დიდი დარტყმა იყო. ასევე დიდი დარტყმა იყო მარცხის შემდეგ შექმნილი ფონი, რომ თითქოს მხოლოდ ერთა ლიგის D დივიზიონის დონის ნაკრები ვართ და მეტი არ შეგვიძლია. ცხადია ნაკრების მარცხის შემდეგ შექმნილმა ფონმა ფეხბურთელებზე ძალიან იმოქმედა. თამაშის მიმდინარეობისას ფსიქოლოგიური ტვირთი გეხსნება, მაგრამ მზადების პერიოდში ხელისშემშლელია. 

ფეხბურთელებს გათავისებული გვაქვს, რომ ვითარების შეცვლა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ საქართველოს ეროვნულ ნაკრები გამოავლენს გამბედაობასა და ვაჟკაცობას, რომ ყველას დაუმტკიცოს მისი რეალური ძალა. დარწმუნებული ვარ საქართველოს ნაკრებს გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე გასულ ორ შეხვედრაში გამოჩნდა.

- როგორ ფიქრობ პირველი მატჩი სტუმრად ირლანდიასთან რომ ჩაგეტარებინათ და მეორე თამაში შვეიცარიასთან, წარმატების მეტი შანსი გექნებოდათ?

- ჩემი აზრით ამ თემაზე საუბარი არ ღირს და არც მიფიქრია. ერთადერთი რისი სურვილიც მაქვს, შვეიცარიასთან და ირლანდიასთან საპასუხო მატჩების მაღალ დონეზე ჩატარებაა. მინდა თითოეული ფეხბურთელი შეხვედრებს ტრავმის გარეშე და საუკეთესო სათამაშო ფორმაში შეხვდეს, სხვაგვარად ასეთი დონი გუნდებთან წარმატების მიღწევა, დადებითი შედეგის ჩვენება ძალიან რთულია. დარწმუნებული ვარ მეტი შეგვიძლია. მთავარია თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელი იყოს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

 ფოტო: uefa.com, gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები