ხარაბაძის წარუმატებელი დებიუტი - ''ნაპოლი'' თითქმის მერვედფინალშია
Aa
Aa

ხარაბაძის წარუმატებელი დებიუტი - ''ნაპოლი'' თითქმის მერვედფინალშია

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. შვეიცარიული ''ციურიხი'' საკუთარ მოედანზე კარლო ანჩელოტის გაწვრთნილ ''ნაპოლისთან'' 1:3 დამარცხდა. ნეაპოლურმა გუნდმა მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მე-12 წუთზე ''ციურიხის'' მეკარე იანიკ ბრეხერი ბურთის მიღებისას შეცდა, რითიც სტუმრემა ისარგებლეს და ლორენცო ინსინიემ ანგარიში გახსნა. 21-ე წუთზე კალეხონმა ანგარიში ორამდე გაზარდა. ამჯერად ''ციურიხის'' ცენტრალური მცველები შეცდნენ. 77-ე წუთზე, ისევე როგორც მეორე გოლისას, ''ნაპოლიმ'' შეტევა მარჯვენა ფლანგზე განავითარა, კალეხონის საგოლე პასი ზელინსკის გოლით დასრულდა.

მასპინძლებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 83-ე წუთზე გაიტანეს, ბენჟამინ კოლოლიმ პენალტის ნიშნულიდან მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კოსოვოელმა თერთმეტმეტრიანი პანენკას სტილში შეასრულა.

მარცხენა მცველმა ლევან ხარაბაძემ ''ციურიხის'' მაისურით მესამე მატჩი ჩაატარა, ქართველმა ფეხბურთელმა ''ნაპოლის'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. მან შვეიცარიის სუპერლიგის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ქომაგს თავი გოლითა და საგოლე გადაცემით დაამახსოვრა. თუ არ ჩავთვლით თბილისის ''დინამოს'' რიგებში საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გამოცდილებას, 19 წლის ქართველმა ტალანტმა ევროპა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ცხადია, ფეხბურთელმა, რომელმაც გასულ სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზა, ერთ-ერთ საუკეთესო იტალიურ გუნდთან თამაშით დიდი გამოცდილება მიიღო.

შვეიცარიაში გამართული შეხვედრა კარლო ანჩელოტისთვისაც სადებიუტი იყო. გამოცდილი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად გაუძღვა გუნდს ევროპა ლიგაზე.

იტალიური გუნდის ორი გოლისას საგოლე კომბინაცია ხარაბაძის ფლანგიდან განვითარდა, თუმცა ზოგადად ''ციურიხმა'' ძალიან სუსტად ითამაშა და სათამაშო ოსტატობაში არსებული განსხვავება ანგარიშში აისახა. 

საპასუხო მატჩი 21 თებერვალს ნეაპოლში, ''სან პაოლოზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები