ჯერვონტა დევისი - კრივის ამომავალი ვარსკვლავი
Aa
Aa

ჯერვონტა დევისი - კრივის ამომავალი ვარსკვლავი

ჯერვონტა დევისი კრივის ამომავალი ვარსკლავია. იგი მხოლოდ 24 წლისაა და 20 ორთაბრძოლიდან არცერთში დამარცხებულა. დევისის მენტორი ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერი გახლავთ, თუმცა ამ ბიჭს უცნაური გამოხტომები ახასიათებს...

დევისს წარმატების მისაღწევად საჭირო რესურსი აქვს, მაგრამ ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება... მის ცხოვრებაში ასეთი მომენტი უკვე რამდენჯერმე იყო და არავინ იცის მომავალში რა მოხდება...

დევისი რომ ცოცხალია დიდი სასწაულია. იგი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ ქალაქში, ბალტიმორში, დაიბადა. მას კელვინ ფორდი წვრთნიდა, ამ უკანასკნელს სავარჯიშო დარბაზი სპეციალურად ღარიბი ბავშვებისთვის ჰქონდა გახსნილი და ჯერვონტა ერთ-ერთი მათგანი გახლდათ. იგი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა. მისი მშობლები კოკაინის აქტიური მომხმარებლები იყვნენ. ისინი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დამარცხებას ცდილობდნენ, მაგრამ...

დევისს ურთულესი ბავშვობა ჰქონდა. კრიმინალური სამყარო მის გადაბირებას აქტიურად ცდილობდა და რამდენჯერმე გამოუვიდა კიდეც. ამიტომაა სამართალდამცავები ჯერვონტას საქმეებს დღემდე რომ იხილავენ... იგი კრივის ელიტაში მარტივად გაერია. სამოყვარულო დონეზე მან 13-დან ყველა ორთაბრძოლა მოიგო, კარიერის რიგით მე-17 შერკინებაში კი IBF-ის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.

ბრიტანელი ქომაგებისთვის დევისის სახელი ოთხი თვის შემდეგ გახდა ცნობილი. იგი "ნისლიან ალბიონზე" ლიამ ვოლშთან საჩხუბრად ჩავიდა და თავდაპირველად ძალიან მორცხვობდა. ხშირად 24 წლის მებრძოლის ნაცვლად ჟურნალისტებთან მისი პრომოუტერი, ფლოიდ მეივეზერი, საუბრობდა. რინგზე ყველაფერი სხვანაირადაა და ჯერვონტა ნამდვილი მონსტრია. ეს ვოლშთან ორთაბრძოლისას კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მას ადგილობრივი ქომაგების კუმირის გასანადგურებლად მხოლოდ 7 რაუნდი დასჭირდა. ბრიტანელის დამარცხების შემდეგ დევისმა ფრანცისკო ფონსეკას სძლია.

ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა სულ მალე ჯერვონტასა და „მანის“ შორის განხეთქილებამ იჩინა თავი. დევისმა ფლოიდი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი მის კარიერას განზრახ აფერხებდა. არავინ იცის ჯერვონტას სიტყვები რეალობას რამდენად შეესაბამება... საგულისხმოა, რომ უცხოური ტაბლოიდების ცნობით ფლოიდის კომპანია ისეთი სპარინგ-პარტნიორის პოვნას ვერ "ახერხებდა", ვინც მეივეზერის მფლობელობაში არსებულ დარბაზში ჯერვონტასთან ივარჯიშებდა... ამ ადგილს დევისი ხომ მეორე სახლს უწოდებს...

ფლოიდის განცხადება ცალკე აღნიშვნის ღირსია. "მანი" თვლის, რომ დევისმა საკუთარი სიძლიერე ლომაჩენკოსთან ორთაბრძოლაში უნდა დაამტკიცოს. მისი სიტყვების ანალიზის შედეგად ორი დასკვნა ჩნდება. ან ფლოიდს თავისი პროტეჟესი ეიმედება, ან საბოტაჟს უწყობს.

ბრონერისა და მეივეზერის "ურთიერთობა" ხომ გახსოვთ?! "მანი" ედრიენს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა და სთხოვდა უმაღლესი კლასის მებრძოლების წინააღმდეგ ეჩხუბა... რით დასრულდა ყველაფერი თავადაც მოგეხსენებათ. 

კრივის ქომაგები შიშობენ, რომ დევისსაც იგივე ბედი ელის...

ჯერვონტას მენტალიტეტში კრიმინალური მსოფლმხედველობის რაღაც ნაწილი დღემდეა შემორჩენილი! მას ხომ ქუჩაში ჩხუბის გამო ბრალი წაუყენეს... რამდენიმე თვის შემდეგ კი სტრიპტიზ კლუბში გოგონას ცემის გამო სასამართლოში უჩივლეს...

ცხელი ამბები