ბითაძის 14 ქულა და განადგურებული "მორნარ ბარი"
გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მონტენეგრულმა გუნდმა მორიგი შეხვედრა ამჯერად ადრიატიკის ლიგის ეგიდით ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მიითვალა.
"ბუდუჩნოსტი" საკუთარ პარკეტზე "მორნარ ბარს" დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. მონტენეგროელები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ, მოწინააღმდეგეს ყველა მეოთხედში აჯობეს და 31 ქულით, 102-71 იმარჯვეს.
ბითაძემ მოედანზე 22 წუთი და 52 წამი გაატარა. გოგამ თავი 14 ქულას, 3 მოხსნას და 1 დაფარებას მოუყარა.
გოგას ეფექტური ჩატენვა
Goga Bitadze demonstrating his power on both ends of the court ????#ABALiga @KKBuducnostVOLI pic.twitter.com/1Vy56SApAq
— ABA Liga (@ABA_League) February 4, 2019
ქართველმა ახალგაზრდამ 4-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, 2 სამიანი გააცუდა და 8-დან 6 ჯარიმა ჩააგდო. ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25-ს უწია და მხოლოდ და მხოლოდ ნემანია გორდიჩს ჩამორჩა, რომელმაც 34 დააფიქსირა.
"ბუდუჩნოსტისთვის" "მორნარ ბართან" მოპოვებული გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე მეცამეტე აღმოჩნდა. მონტენეგროელები მეორე ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო ტურში "პარტიზანს" შეერკინებიან.