NBA-ის მატჩების მიმოხილვა
ჰიუსტონი - ნიუ ორლეანი 116 – 121
„ჰიუსტონის“ ზედიზედ სამმატჩიანი წაუგებელი სერია „ნიუ ორლეანთან“ შეწყდა. ენტონი დევისი გარეშე დარჩენილმა „პელიკანსმა“ შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია.
„ნიუ ორლეანს“ 27 ქულითა და 12 მოხსნით ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ჯალილ ოკაფორმა ულიდერა. ჯრუ ჰოლიდემი 19 ქულასთან ერთად 6 დაფარება მიითვალა. იგი NBA-ის ისტორიაში მესამე უკანახაზელი გახდა, ვინც 6 ბლოკი დააგროვა.
„ჰიუსტონის“ მხრიდან ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. „წვერამ“ 37 ქულა, 11 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ერიკ გორდონმა გუნდს 17 ქულა შესძინა. კენეთ ფარიდმა კი აქტივში 19 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა.
სან ანტონიო - ფინიქსი 126 – 124
იგორ კოკოშკოვის „ფინიქსი“ ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოს“ მთელი შეხვედრის განმავლობაში ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა ბოლო წამებზე დამარცხდა.
ტეხასურ გუნდს გამარჯვება რუდი გეიმ მოუტანა, რომელმაც ორქულიანი საფინალო სირენასთან ერთად ჩააგდო.
„სპურსის“ რიგებში საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი გახლდათ. მან შეხვედრა 29 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა. დავის ბერტანსმა თავი 18 ქულას მოუყარა. მარკო ბელინელი კი 17 ქულით გამოირჩა.
არიზონელებს 38 ქულით დევინ ბუკერმა ულიდერა. ჯამალ კროუფორდმა გუნდს 22 ქულა შესძინა. კელი უბრე ჯუნიორმა კი 14 ქულა დააგროვა.
სხვა მატჩების შედეგები
კლივლენდი - ვაშინგტონი 116 – 113
დეტროიტი - მილუოკი 105 – 115
ორლანდო - ოკლაჰომა 117 – 126
ბრუკლინი - ჩიკაგო 122 – 117
ლეიკერსი - ფილადელფია 105 - 121