Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ოკლაჰომა - მილუოკი 118 – 112

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური დაპირისპირება კი უდავოდ „ოკლაჰომასა“ და „მილუოკის“ ჯახი აღმოჩნდა.

ექსპერტები ფავორიტად „ბაქსს“ მიიჩნევდნენ, თუმცა „თანდერმა“ შესანიშნავად იასპარეზა და მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმა.

„ოკლაჰომას“ 36 ქულითა და 13 მოხსნით პოლ ჯორჯმა ულიდერა. ჯერემი გრანტმა 16 ქულა დააგროვა. რასელ უესტბრუკი კი მორიგი სამმაგი დუბლით გამოირჩა - 13 ქულა, 13 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა.

„მილუოკის“ რიგებში იანის ანტეტოკოუნმპომ 27 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა. ბრუკ ლოპესი 19 ქულას დასჯერდა. მალკოლმ ბროგდონმა კი გუნდს 18 ქულა შესძინა.

დალასი - ტორონტო 120 – 123

ლუკა დონჩიჩის და დირკ ნოვიცკის „დალასმა“ საკუთარ პარკეტზე აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი, „ტორონტო“, მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

კანადელებმა საშინლად ჩატარებული მესამე მეოთხედის შემდეგ გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე თორმეთწუთეულში მოიპოვეს და აღნიშნულ პერიოდში 38-32 იმარჯვეს.

„რეპტორსს“ 33 ქულითა და 10 მოხსნით კავაი ლეონარდმა ულიდერა. კაილ ლოურიმ თავი 19 ქულას მოუყარა, პასკალ სიაკამი კი 14 ქულით გამოირჩა.

ტეხასელების მხრიდან 35 ქულით, 12 მოხსნით და 10 შედეგიანი გადაცემით ლუკა დონჩიჩმა გაიბრწყინა. ჰარისონ ბარნსმა მატჩი 14 ქულით დაასრულა. დენის სმიტ ჯუნიორი კი 13 ქულას დასჯერდა.

სხვა მატჩების შედეგები

ჩიკაგო - კლივლენდი 101 – 104

კლიპერსი - საკრამენტო 122 – 108

ჰიუსტონი - ორლანდო 103 – 98

მინესოტა - იუტა 111 – 125

სან ანტონიო - ვაშინგტონი 132 – 119

ნიუ იორკ ნიქსი - მაიამი 97 – 106

ლეიკერსი - ფინიქსი 116 – 102

მსგავსი სიახლეები