ხარაბაძე: ''დებიუტით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ სამუშაო ბევრი მაქვს''
თბილისის ''დინამოდან'' შვეიცარიულ ''ციურიხში'' გადასულმა ლევან ხარაბაძემ ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. თურქულ შეკრებაზე შვეიცარიულმა კლუბმა ამხანაგურ შეხვედრაში გერმანიის რანგით მესამე ლიგის ''უერდინგენი'' 3:1 დაამარცხა.
ამპლუით მცველმა ხარაბაძემ, რომელიც მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ''ციურიხის'' კარში ერთადერთი გოლი მისი ფლანგიდან გავიდა.
So startet der #FCZ ins Testspiel gegen den @KFC_Uerdingen: Vanins; Winter, Maxsø, M. Kryeziu, Kharabadze; Sohm, Domgjoni; Rodriguez, Marchesano, Khelifi; Ceesay.
— FC Zürich (@fc_zuerich) January 14, 2019
Hier geht es zum Livestream: https://t.co/MLkXqLKcSf. #fczuerich #stadtclub pic.twitter.com/zf9XBtHaGE
შესვენების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა მოთამაშეთა დიდი ნაწილი შეცვალა, მოედანი ქართველმაც დატოვა.

18 წლის ლევან ხარაბაძემ სადებიუტო მატჩის შემდეგ CrystalSport-თან ისაუბრა.
''2018 წლის დასაწყისში, როცა თბილისის ''დინამოს'' პირველ გუნდში დამაწინაურეს, ნამდვილად არ ველოდი, რომ ერთი წლის შემდეგ ''ციურიხში'' აღმოვჩნდებოდი.
ახალ გუნდში კარგი ატმოსფეროა. ახალმა თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს.
ენობრივი ბარიერი არსებობს, თუმცა მეკარე ანდრის ვანინსმა რუსული იცის და თანაგუნდელებთან კომუნიკაციაში მეხმარება. რუსულის გარდა ნაწილობრივ ინგლისურადაც ვსაუბრობ.
ჩემს პოზიციაზე კონკურენციაა. იმედი მაქვს გუნდში ადგილს დავიმკვიდრებ.
სადებიუტო შეხვედრით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად ბევრი სამუშაო მაქვს.''

18 წლის მოთამაშემ, რომელიც 2000 წლის 26 იანვარსაა დაბადებული, ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა. მან სადებიუტო სეზონში ''დინამოს'' შემადგენლობაში ეროვნული ლიგის 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხარაბაძეს საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.
ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე ''ციურიხის'' მეტოქე კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი ''ნაპოლია.'' პირველი შეხვედრა 15 თებერვალს შვეიცარიაში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 22 თებერვალს ნეაპოლში შედგება.
თურქულ შეკრებაზე ''ციურიხმა'' მეორე ამხანაგურ მატჩი დრეზდენის ''დინამოსთან'' გამართა და 1:2 დამარცხდა. ხარაბაძემ ამ მატჩშიც მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, შესვენების შემდეგ კი შეცვალეს.

ფოტო: fcz.ch, fcdinamo.ge