ლორიას თურქეთის სუპერლიგის კლუბი იწვევს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ კარიერა შესაძლოა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს. СrystalSport-ის ინფორმაციით ლორიას გადაბირებით ''ახისარი'' დაინტერესდა, რომელიც სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ლორიათი დაინტერესებული ნებისმიერი კლუბი ქართველ მოთამაშეს უფასოდ დაიმატებას, რადგან 32 წლის მეკარე ''კრილია სოვეტოვიდან'' წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია. თურქული კლუბის მხრიდან დაინტერესება რეალურია, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება არ მიღწეულა, მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.
უგუნდოდ მყოფმა ლორიამ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. გასული წლის სექტემბერში რუსული კლუბის დატოვების შემდეგ ლორია ფორმის შენარჩუნების მიზნით ყოფილ კლუბ თბილისის ''დინამოში'' ვარჯიშობდა.

''კრილია სოვეტოვის'' დატოვების შემდეგ ლორიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან განაცხადა: ‘‘საწყენია რომ კლუბიდან წასვლა ასეთი ფორმით მიწევს. უპირველესად თითოეულ ქომაგს დიდ მადლობას ვუხდი. ასევე დიდი მადლობა კლუბს. კლუბში თამაშის სურვილი კვლავ მქონდა, თუმცა ასე გამოვიდა.
‘‘კრილიაში’’ ორი წელი ვითამაშე, ახლა კი კლუბს ვემშვიდობები. კლუბს და ქალაქს ძალიან მივეჩვიე. ‘‘კრილიაში’’ თამაში და სამარაში ცხოვრება ძალიან სასიამოვნო იყო. ქომაგებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მათ წარმატებებს ვუსურვებ. მსურს კლუბმა დასახულ მიზნებს მიაღწიოს.’’
2015 წელს გიორგი ლორიამ პირეოსის ''ოლიმპიაკოსი'' დატოვა და ''კრილია სოვეტოვის'' ფეხბურთელი გახდა. 2017-18 წლების სეზონი განათხოვრებით ''ანჟიში'' გაატარა, შემდეგ კი სამარულ კლუბს დაუბრუნდა.
საერთო ჯამში ლორიამ რუსეთის პრემიერლიგაში 52 მატჩი ჩაატარა. რუსული გამოცემების ვერსიით არაერთხელ ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. რუსული კლუბების გარდა ლორიას თბილისის ''დინამოსა'' და ბერძნული ოფი-ს შემადგენლობაში უთამაშია.
მთავარი ფოტო: gff.ge