აბურჯანიას მომავალი მიმდინარე კვირაში გაირკვევა
Aa
Aa

აბურჯანიას მომავალი მიმდინარე კვირაში გაირკვევა

ესპანური ''ლუგოს'' ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია შესაძლოა ''მალიორკას'' ფეხბურთელი გახდეს. СrystalSport-ის ინფორმაციით 24 წლის მოთამაშის გადაბირებით ''ალმერიაც'' დაინტერესებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის მომავალი მიმდინარე კვირაში გაირკვევა. 

''მალიორკა'' და ''ალმერია'' ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, ლა ლიგა 2-ში ასპარეზობენ. საინტერესოა, რომ ''მალიორკას'' გასულ წელს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელით, ავთო ებრალიძით გაძლიერება სურდა, მაგრამ მან კარიერის პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გაგრძელება გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ აბურჯანიამ ესპანურ კარიერაში საუკეთესო პერიოდი ''ხიმნასტიკში'' გაატარა, სადაც ვისენტე მორენოსთან მუშაობდა, რომელიც ამჟამად ''მალიორკას'' მთავარი მწვრთნელია. 44 წლის სპეციალისტს კვლავ სურს ქართველთან თანამშრომლობა.

აბურჯანიას გადაბირებით თურქული ''სივასფორიც'' დაინტერესდა, მაგრამ სპორტსმენს კარიერის გაგრძელება დასავლეთ ევროპაში სურს. გარდა ამისა კიდევ ერთი გარემოება იკვეთება, რომლის მიხედვით გუნდის შეცვლა მხოლოდ ფეხბურთელის სურვილსა და დაინტერესებულ კლუბთან შეთანხმებაზე არაა დამოკიდებული. მოლაპარაკებაში ''სევილიაც'' ჩართულია, რადგან ქართველი სევილიური კლუბის საკუთრებაა. ასე რომ შესაძლოა მას ესპანეთის დატოვება მოუწიოს და კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

თურქეთის ჩემპიონატში ''სივასფორი'' მე-9 ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსან ''ტრაბზონს'' მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.

ქართველი გასული ზაფხულიდან მოყოლებული განათხოვრებულია ''ლუგოში,'' რომლის მთავარი მწვრთნელი ალბერტო მონტეაგუდო აბურჯანიას არ ენდობა. ლა ლიგა 2-ის 20 ტურიდან გიორგიმ მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სასტარტოში კი მხოლოდ სამჯერ ითამაშა.

ამჟამად ლა ლიგა 2-ის 22-გუნდიან ჩემპიონატში ''მალიორკა'' 30 ქულით მე-8 ადგილზეა, ''ალმერია'' 28 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, ხოლო ''ლუგო'' 22 ქულით მეცამეტეა.

მიმდინარე სეზონში აბურჯანიამ ერთადერთი გოლი ''ნუმანსიას'' მეორე ტაიმის მე-5 დამატებულ წუთზე გაუტანა და ამ გოლით ''ლუგომ'' 3 ქულა მოიპოვა.

აბურჯანიას გოლი დამატებულ წუთზე - ქართველი გამარჯვების მთავარი შემოქმედია

მთავარი ფოტო: DIARIO AS

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები