''დანდის'' ქართველი ლეგენდა ქომაგს ყოველთვის სიხარულს ანიჭებდა
''ის ყოველთვის უდიდეს სიხარულს ანიჭებდა ''დანდის'' ქომაგებს'' - ასე იხსენებს ''დანდის'' ოფიციალური ვებგვერდი ქართველ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს, რომელიც 2010 წელს ''დანდის'' დიდების დარბაზში შეიყვანეს.
''ქართველმა გენიოსმა გიორგი ნემსაძემ ''დანდი იუნაიტედის'' მეკარე ალან კომბეს ფანტასტიკური გოლი გაუტანა. ერთმა მიმომხილველმა ასეთი რამ თქვა: ბურთს იმდენად ახლოს და კარგად აკონტროლებდა, რომ ჩნდებოდა კითხვა: ბუცებს საწმენდი სითხის ნაცვლად წებოთი აპრიალებდა ? ''
კლაუდიო კანიჯასთან ერთად გიორგი ნემსაძე ''დანდის'' დიდების დარბაზის წევრია. ვიდრე ''დანდის'' ფეხბურთელი გახდებოდა, ნემსაძემ ევროპის არაერთ ქვეყანაში ითამაშა. გერმანულ ''ჰომბურგში,'' თურქულ ''ტრაბზონში,'' შვეიცარიულ ''გრასჰოპერსსა'' და იტალიურ ''რეჯანაში'' ასპარეზობის შემდეგ 2000 წელს შოტლანდიური კლუბის ფეხბურთელი გახდა. ნემსაძემ ყველაზე დიდი დრო სწორედ შოტლანდიურ კლუბში გაატარა. ეს იყო მისი უკანასკნელი უცხოური კლუბი. 2004 წელს სამშობლოში დაბრუნდა.
''მას შეეძლო გუნდის გაძღოლა და ბატონობა მოედნის ცენტრში. როცა გოლებს იტანდა, ნემსაძის გოლები დასამახსოვრებელი იყო. ნემსაძის მიერ ''ინვერნესთან'' გატანილმა გოლმა ''დანდი'' 39-წლიანი პაუზის შემდეგ შოტლანდიის თასის ფინალში გაიყვანა'' - ვკითხულობთ ''დანდის'' ოფიციალურ ვებგვერდზე.

გიორგი ნემსაძე და კლაუდიო კანიჯა
2000 წლის 14 ოქტომბერი, შოტლანდიის პრემიერლიგის მე-11 ტურში ''აბერდინი'' შინ ''დანდისთან'' 0:2 დამარცხდა. მეორე გოლი 90-ე წუთზე გიორგი ნემსაძის საგოლე გადაცემის შემდეგ 1990 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონმა, არგენტინელმა კლაუდიო კანიჯამ გაიტანა.
სადებიუტო გოლი ''დანდიში''
2000 წლის 11 ნოემბერი, შოტლანდიის პრემიერლიგის მე-15 ტურში ''დანდიმ'' დერბიში, ''დანდი იუნაიტედი'' 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი კანიჯამ შეაგდო, მეორე გოლი ნემსაძემ გაიტანა.
Evening telegraph-ზე ვკითხულობთ: ''ქართველმა გენიოსმა '' ''ტანადაის პარკზე'' ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ''დანდი იუნაიტედის'' მეკარე ალან კომბე გაშეშებული დატოვა. ნემსაძე გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.''
წლების შემდეგ შოტლანდიის პროფესიული ფეხბურთის ასოციაციამ ნემსაძეს დაბადების დღე ამ გოლით მიულოცა
Happy Birthday to former @dundeefconline midfielder Georgi Nemsadze!
— SPFL (@spfl) May 10, 2018
Here he is scoring a belter in a Dundee derby! ???????????? pic.twitter.com/J7K1nS9h1u
2001 წლის 7 აპრილს, შოტლანდიის პრემიერლიგის 33-ე ტურში ''დანდიმ'' სტუმრად ''პიტოდრიზე'' ''აბერდინი'' დაამარცხა. პირველი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ნემსაძემ შეაგდო. მან შეტევა ჩაშალა და გოლი თავად შექმნა.
ჩაშლილი ტრანსფერი გლაზგოს ''სელტიკში''
გიორგი ნემსაძე 30 წლის ასაკში ''დანდიდან'' გლაზგოს ''სელტიკში'' გადასვლასთან ახლოს იყო. 2002 წლის აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გლაზგოს ''სელტიკი'' შვეიცარიულ ''ბაზელს'' დაუპირისპირდა. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი შოტლანდიური კლუბის მაისურს მოირგებდა.
შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით dundee-mad-ზე ვკითხულობთ: ''სელტიკმა'' ''დანდის'' ნემსაძის სანაცვლოდ 600 000 ფუნტი სტერლინგი შესთავაზა, თუმცა ''დანდიმ'' წინადადებას უარით უპასუხა.''
ბრიტანული Skysports-ის ჟურნალისტ პოლ ჰიგამის სტატია, რომელშიც ქართველი ფეხბურთელის კომენტარს ვეცნობით:
ნემსაძე ''სელტიკში'' გადასვლას იმედოვნებს
''ქართველის თქმით მისი თამაშით მარტინ ო'ნილი დაინტერესებული იყო ვიდრე გლაზგოს ''სელტიკი'' ჩემპიონთა ლიგაზე ''ბაზელთან'' დამარცხდებოდა. ნემსაძის ''სელტიკში'' გადასვლის იმედი კვლავ აქვს.

გიორგი ნემსაძე: ''ვიდრე ''სელტიკი'' ჩემპიონთა ლიგაზე ''ბაზელთან'' დამარცხდებოდა, კლუბი ჩემი ტრანსფერით დაინტერესებული იყო. თუ საკვალიფიკაციო ეტაპს ''სელტიკი'' წარმატებით დაძლევდა, მე მათი გუნდის ფეხბურთელი გავხდებოდი.
''დანდიში'' ყოფნით ბედნიერი ვარ და კლუბში დარჩენით მოხარული ვიქნები. ნათელია მეც ვარ დაინტერესებული ისეთ ძლიერ გუნდში გადასვლით, როგორიც ''სელტიკია.''
ახლა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ტრანსფერი არ შედგება, თუმცა იანვრამდე უნდა მოვიცადო და ვნახოთ განახლდება თუ არა მოლაპარაკება.''
''სელტიკმა'' ''სელტიკ პარკზე'' კრისტიან გროსის ''ბაზელი'' 3:1 დაამარცხა, თუმცა საპასუხო შეხვედრა შვეიცარიული კლუბის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. სტილიან პეტროვის, ჰენრიკ ლარსონისა და კრის სატონის ''სელტიკი'' ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, რის გამოც ნემსაძის ''სელტიკში'' ტრანსფერი არ შედგა. მარტინ ო'ნილს ნემსაძის გადაბირება იმ შემთხვევაში სურდა თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებოდა.
ნემსაძე ''დანდიში'' დარჩა და კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სეზონი ჩაატარა. მისი ბრწყინვალე გოლებით ''დანდი'' შოტლანდიის თასის ფინალში გავიდა.
გზა ფინალისკენ
თასის გათამაშების მესამე რაუნდში ''დანდიმ'' ''პარტიკ ტისლი'' დაამარცხა. ანგარიში გიორგი ნემსაძემ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა. ''ფირჰილ სთედიუმზე'' ნემსაძის გოლი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა და მკითხველთა დიდი ნაწილი მას პირველად იხილავს.
ნემსაძის ბრწყინვალე გოლი ''ფირჰილ სთედიუმზე''
''დანდიმ'' მეორე გოლი სწრაფი კონტრშეტევით გაიტანა. მეტოქის შეტევა ნემსაძემ საკუთარ საჯარიმოში ჩაშალა და ''დანდიმ'' შეტევა დაიწყო. შესაძლოა ნაკლებად საინტერესო ეპიზოდია, თუმცა აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ ნემსაძე ჩამშლელის ფუნქციებსაც ასრულდებდა და მხოლოდ ''დანდის'' შეტევების განვითარებაზე არ იყო ორიენტირებული.
მეოთხე რაუნდში ''დანდიმ'' ''დენს პარკზე'' ''აბერდინი'' 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა მეორე გოლი ნემსაძის შორეულ საგოლე გადაცემას მოჰყვა და ნაჩო ნოვომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
2003 წლის 23 აპრილს ''დანდიმ'' ''ჰემპდენ პარკზე'' ნემსაძის ბრწყინვალე გოლით ''ინვერნესი'' დაამარცხა და კლუბი შოტლანდიის თასის ფინალში გავიდა, სადაც ალექს მაკლიშის გაწვრთნილ ''რეინჯერსს'' უნდა შეხვედროდა, რომლის ღირსებას შოთა არველაძე იცავდა.
ნემსაძის გამარჯვების გოლი ნახევარფინალში, ''ჰემპდენ პარკზე''
ფინალამდე, ''დენს პარკზე,'' 4 მაისს, შოტლანდიის პრემიერლიგაში ''დანდიმ'' ''რეინჯერსს'' უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. 28-ე წუთიდან მოყოლებული ''დანდი'' მეტოქეს 2:1-ს ამარცხებდა, თუმცა მატჩის მიწურულს არტეტამ პენალტი გაიტანა და გლაზგოურმა კლუბმა დანდიდან ქულა წამოიღო.
''ლა მასიაში'' აღზრდილი მიკელ არტეტა და გიორგი ნემსაძე

ეს გოლი ''რეინჯერსისთვის'' უმნიშვნელოვანესი გამოვიდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ''რეინჯერსმა'' და ''სელტიკმა'' 97-97 ქულა დააგროვეს და ჩემპიონი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო არველაძის გუნდი გახდა.
''რეინჯერსის'' ავსტრალიელი მცველის, კევინ მუსკატისა და გიორგი ნემსაძის დაპირისპირება

ქართველთა შეხვედრა შოტლანდიის თასის ფინალში
ფინალი იტალიელი ლორენცო ამორუზოს გოლით ''რეინჯერსმა'' მოიგო, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს ''დანდი'' აკონტროლებდა და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. ფინალში, ''ჰემპდენ პარკზე'' სამივე ქართველმა სასტარტოში ითამაშა და გამარჯვებული შოთა არველაძე გახდა.
ნემსაძის მსგავსად აღნიშნული სეზონი ზურაბ ხიზანიშვილის კარიერაშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სეზონის დასრულების შემდეგ ხიზანიშვილი გახდა შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. გამარჯვებული ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოავლინა. ხიზანიშვილი დღემდე ერთადერთი უცხოელი ფეხბურთელია, რომელსაც შოტლანდიის ჩემპიონატში აღნიშნული პრიზი გადაეცა.
ამხანაგური მატჩი ''გრიმსბი თაუნთან'' - ნემსაძის ბრწყინვალე გოლი
2004 წელს გიორგი ნემსაძე დაბრუნდა იქ, სადაც პროფესიული საფეხბურთო კარიერა დაიწყო. თბილისის ''დინამოსთან'' ერთად 2004-05 წლების სეზონში უეფას თასის (ევროპა ლიგის) ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა.
მშობლიურ კლუბში დაბრუნება: დავით პეტრიაშვილი, გიორგი ნემსაძე და სეზარ რომერო

მოამზადა დიმა შარიქაძემ