რატომ მოიგებს "იუვენტუსი" წელს ჩემპიონთა ლიგას?
პეპ გუარდიოლამ იცის თუ როგორ უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მან ასევე იცის როდის იწყება ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე გადამწყვეტი ეტაპი.
ეს არ არის ნოემბერი, თებერვალი ან მარტი. თუ გსურს, რომ ლიგა მოიგო აპრილში და მაისში შენს საუკეთესო ფორმაში უნდა იმყოფებოდე.
გუარდიოლამ „ბაიერნში“ და „სიტიში“ ჯამში 5 სეზონი გაატარა და ჩემპიონატის მოგება 4-ჯერ შეძლო. მისი გუნდი წელსაც ფავორიტად ითვლება.
პეპი ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსასთან“ ერთად საუკეთესო ოთხეულში ოთხივე სეზონში მოხვდა, რომელთაგან ორჯერ ჩემპიონობა შეძლო. შემდეგ იყო „ბაიერნით“ ნათამაშები ზედიზედ სამი ნახევარფინალი და მარცხი. მერე „სიტი“ და მიჯრით ორი მარცხი მეოთხედფინალში.
ვინ თუ არა გუარდიოლამ ძალიან კარგად იცის თუ რაც არის საჭირო ლიგის მოსაგებად. „ქალაქელებთან“ ერთად მას გადამწყვეტ მომენტში იმ ფორმის შენარჩუნება უჭირს, რომლითაც გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებს. ამის შესახებ ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებთ.

დაახლოებით იგივე პრობლემა ჰქონდა მას გერმანიაში ყოფნის დროსაც. საჭირო მომენტში „ბაიერნი“ სასურველ ფორმას ვერ ინარჩუნებდა და ეს გარკვეულწილად უკონკურენტო ჩემპიონატისა და მისი ნაადრევად მოგების ბრალიც იყო.
სწორედ ამხელა გამოცდილებიდან გამომდინარე, „სიტი“ წლევანდელ სეზონში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება, მაგრამ არა მთავარ ფავორიტად...
ბოლო 5 წლის განმავლობაში თასი ესპანეთში მიდის. 4-ჯერ „რეალი“ და ერთხელ „ბარსა“. ხოლო, თუ ავიღებთ ბოლო 10 წელიწადს, დავინახავთ რომ ესპანეთში თასი 7-ჯერ წავიდა.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა „რეალისა“ და „ბარსას“ სიძლიერის დამსახურებაა, თუმცა არა მხოლოდ ამის. შეიძლება ითქვას, რომ ესპანურ გიგანტებს ბოლო წლებში ღირსეული კონკურენტი არ ჰყოლიათ. საუბარია გუნდზე, რომელიც რამდენიმე სეზონის განმავლობაში ფორმის პიკს შეინარჩუნებდა - ასეთ დონეზე მათ გარდა არავინ ყოფილა, მაგრამ წლევანდელი სეზონი სულ სხვა რამეს გვპირდება... ასეთი კონკურენცია უკვე წლებია არ ყოფილა!
16 გუნდიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8 მათგანს თასის მოგების შანსიც და შესაძლებლობაც გააჩნია. მოდით რიგრიგობით მივყვეთ:
მადრიდის „რეალი“

ტიტულის დაცვა? რთულია, მეტიც - შეუძლებელი. მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგეს. ასეთი რამ სამოცდაათიანი წლების შემდეგ არ მომხდარა.
რატომაც არა მეოთხეჯერ? „რეალის“ წარმატების მთავარი გარანტი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელიც ახლა „იუვენტუსში“ იმყოფება. შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და ამჟამად პოსტს გამოუცდელი სანტიაგო სოლარი იკავებს.
მადრიდელებს ამ სეზონში პრობლემები აქვთ და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, თუმცა ევროპაში არცერთ გუნდს არ შეუძლია რთული მატჩებისთვის ისე კარგად მომზადება როგორც „რეალს“.
„მანჩესტერ სიტი“

პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს წლევანდელ სეზონში მხოლოდ ორი მარცხი აქვს - ლიგაზე, ჯგუფში საკუთარ მოედანზე „ლიონთან“ და ჩემპიონატში სტუმრად „ჩელსისთან“.
გუარდიოლას გუნდი „ლივერპულთან“ ერთად პრემიერლიგის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლება.
ესპანელ სპეციალისტს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მის გუნდებს კონცენტრაციის შენარჩუნება მხოლოდ 9 თვით შეუძლია.
პრემიერლიგის გუნდებს გამუდმებით ერთი პრობლემა აქვთ და ეს ფიზიკურ მომზადებას უკავშირდება. არა, რა თქმა უნდა ინგლისში ამ მხრივ გუნდებს იდეალურად ამზადებენ, მაგრამ ჩემპიონატის სიძლიერეს, კონკურენტუნარიანობასა და ბევრ რთულ შეხვედრას ემატება ეგრეთწოდებული „ბოქსინგ დეი“ - შესვენების გარეშე გავლილი ზამთარი, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბებს ფიტავს და საბოლოოდ მათ არც კონცენტრაცია ჰყოფნით და არც ენერგია.
გასულ სეზონში ამ სტერეოტიპის დამსხვრევასთან ახლოს „ლივერპული“ იყო, თუმცა „მერსისაიდელებმა“ ეს ვერ შეძლეს.
რამდენიმე საჭირო გაკვეთილის მიღების შემდეგ პეპ გუარდიოლასა და მის გუნდს წლევანდელ სეზონში ლიგის მოგების ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად განიხილავენ.
„ბარსელონა“

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის წლევანდელ სეზონში უკვე 5 მატჩის წაგება მოახერხა, თუმცა „ბარსელონა“ მათ მხოლოდ 5 ქულით უსწრებს.
დიახ, წლევანდელ სეზონში „ბარსას“ პრობლემები საკმარისად აქვს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი „კამპ ნოუზე“ „ბეტისთან“ მარცხი და გაშვებული 4 ბურთი იყო. ვალვერდეს გუნდი ამ მატჩში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა.
კატალონიელებს შეტევაში პრობლემები ნამდვილად არ აქვთ - მესი, სუარესი, დემბელე და კოუტინიო წინ ყველაფერს აგვარებენ.
ცალკე თემაა მესი. სეზონის დასკვნით ნაწილში მისი ფორმაში ყოფნა გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან როცა არგენტინელი თავს კარგად გრძნობს, მისი შეჩერება წარმოუდგენლად რთული ხდება.
მიუხედავად საოცარი შეტევებისა და გოლებისა „ბარსას“ დაცვის მხრივ პრობლემები აქვს. მათ ნაკლოვანებებს, შეტევაში სწრაფად და ეფექტურად მოქმედი გუნდები აუცილებლად გამოიყენებენ.
ამ მხრივ „ბლაუგრანას“ მოსამატებელი აქვს და შემდეგ უკვე ვნახოთ...
„პსჟ“

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტუში „ენფილდზე“ დამარცხების შემდეგ ტომას ტუხელს ფრანგული პრესა აკრიტიკებდა, თუმცა გერმანელმა სპეციალისტმა პრობლემებს თავი გაართვა და გუნდი აათამაშა.
პარიზელებმა ჯგუფის მოგება შეძლეს და მერვედფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდნენ.
„ლივერპულთან“ „პარკ დე პრენსზე“ გამარჯვების შემდეგ გუნდის პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ ტომას ტუხელს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.
პარიზელებს შეტევაში არანაირი პრობლემა არ აქვთ და ზოგადად გუნდი საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული.
ტუხელი ძირითადად ორ ტაქტიკურ მონახაზს იყენებს - 4-2-3-1 და 3-5-2. მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ნეიმარი-მბაპე-კავანის ტრიო კვარტეტად ექცია და მათ ანხელ დი მარიაც დაუმატა.
გუნდი აღარ თამაშობს სამი ცენტრალური ნახევარმცველით, რომელთაგან ხშირ შემთხვევაში ყველა დაცვაზე ორიენტირებული იყო. ამის ნაცვლად ტუხელმა შეტევა გააძლიერა, რაც ჯერჯერობით საკმაოდ კარგადაც მუშაობს.
„პსჟ“-ს მთავარი პრობლემა საფრანგეთის ჩემპიონატია, რომელიც ძალიან სუსტია და ტუხელის გუნდს ის პრაქტიკულად უკვე მოგებული აქვს. აქედან გამომდინარე, პარიზელებს სეზონის გადამწყვეტ ნაწილში ტონუსში ყოფნა უჭირთ და გადამწყვეტ შეხვედრებში მარცხდებიან.
„ლივერპული“

„მერსისაიდელები“ გასული სეზონის შემდეგ გაძლიერდნენ. მეკარის პოზიციაზე ალისონ ბეიკერმა პრობლემები მოაგვარა. დაცვის ცენტრი კი ვირჯილ ვან დაიკმა საგრძნობლად გააძლიერა. ჰოლანდიელი დღეს პრემიერლიგის საუკეთესო უკანახაზელად ითვლება.
კლოპის გუნდის ნახევარდაცვა ფაბინიოსა და ნაბი კეიტას მოსვლის შემდეგ გაცილებით დაბალანსებული გახდა. შეტევაში კი „წითლებს“ შერდან შაქირი და დანიელ სტარიჯი ჰყავთ, რომლებიც თადარიგში მყოფი ფეხბურთელების კვალობაზე საკმაოდ კვალიფიციურები და გამოსადეგარნი არიან.
„ლივერპულს“ „სიტის“ მსგავსად ანალოგიური პრობლემა აქვს. თუ, მათ პრემიერლიგის მოსაგებად ბრძოლა სეზონის ბოლომდე მოუწევთ, პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზე სამ დღეში ერთხელ შეხვედრის ჩატარება გაუჭირდებათ.
საუბარია ძალთა გადანაწილებასა და შემადგენლობის სიღრმეზე. რამდენად ჯანმრთელად და ფორმის პიკში იქნებიან ისინი, როდესაც ასეთი დატვრთვის ქვეშ ითამაშებენ...
„ბაიერნი“

გუნდი, რომელმაც „აუგსბურგთან“, „ფრაიბურგთან“ და „დიუსელდორფთან“ სამ საშინაო შეხვედრაში 6 ქულა დაკარგა, როგორ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად მივიჩნიოთ?
მიუხედავად ყველაფრისა, „ბაიერნს“ „დორტმუნდისგან“ განსხვავებით აქვს გამოცდილება.
„რეკორდმაისტერის“ პრობლემები კონტრშეტევაზე სწრაფად მოთამაშე გუნდების წინააღმდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს. ასეთ დროს დაცვას გადაწყობა ძალიან უჭირს.
კოვაჩის გუნდის კიდევ ერთი პრობლემა საკმაოდ ბევრი ერთი სტილის მოთამაშე გახლავთ, რომლებიც კარგ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფებიან.
პრობლემებთან ერთად მიუნხენელბმა იღბალიც დაკარგეს. „ლივერპულის“ წინააღმდეგ მათ ძალიან დიდი საფრთხე ემუქრებათ.
ტრავმების თავიდან არიდებისა და სასურველ ფორმაში შესვლის შემთხვევაში „ბაიერნი“ ნებისმიერი გუნდისთვის დიდი პრობლემა იქნება.
"ატლეტიკო" და "იუვენტუსი"

გერმანიაში მოუთმენლად ელიან „ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ ჯახს, თუმცა აქ არის კიდევ ერთი სუპერწყვილი, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება.
მადრიდის „ატლეტიკო“ და ტურინის „იუვენტუსი“ - ორივე მათგანი ლიგის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება და რომელიმეს სახლში წასვლა ნაადრევად მოუწევს.
„ატლეტიკო“ და „იუვენტუსი“ ევროპაში საუკეთესო დაცვის მქონე გუნდებად ითვლებიან.
თუ მადრიდელები ბოლო წლებში ყოველწლიურად ნვითარდებიან და მათი სათამაშო კლასი მყარია, „იუვენტუსმა“ წლევანდელ სეზონში კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა.
პორტუგალიელის ანგარიშზე 21 შეხვედრაა, რომელშიც მან 12 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
„რეალში“ ყოფნის დროს და დღესაც, კრიშტიანუს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ამ ფაქტორმა სეზონის ბოლოს შესაძლოა შედეგებზე დიდი გავლენა იქონიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩები არც ისე დიდი მნიშვნელობის იყო, „მანჩესტერთან და „იანგ ბოიზთან“ დამარცხების შემდეგ გამოჩნდა, რომ „იუვენტუსი“ ჯერჯერობით დაუმარცხებელი გუნდი ნამდვილად არ არის.
„ბებერ ქალბატონს“ აქვს გამოცდილება, უდიდესი მოტივაცია და გრძელი სათადარიგოთა სკამი.
ტურინელებს ლიგა 22 წელია არ მოუგიათ. ამ დროის განმავლობაში მათ 4 ფინალი წააგეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მეტად მოტივირებულნი ისინი არიან. ამ ყველაფერს ემატება რონალდუს ფაქტორი.
კრიშტიანუ, დიბალა, მანჯუკიჩი, კოშტა, კუადრადო, პიანიჩი, მატუიდი და გაუვალი დაცვა - ეს ყველაფერი ამ გუნდს ძალიან სახიფათოს და მრავალფეროვანს ხდის.
„იუვეს“ ყველანაირი წინაპირობა აქვს საიმისოდ, რომ წელს სეზონი ტრიუმფით დაასრულოს, თუმცა ერთი შეხედვით ფავორიტი ფეხბურთში ხშირ შემთხვევაში ბევრს არაფერს ნიშნავს.
წლევანდელ სეზონში ფინალი მადრიდში "ატლეტიკოს" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება და ბუნებრივია დიეგო სიმეონეს გუნდისთვის უმთავრესი მიზანი სწორედ ფინალის საკუთარ მოედანზე თამაში იქნება.
ამ წყვილში ფავორიტი "იუვენტუსია", თუმცა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გადაჭრით ვერასდროს ვერაფერს იტყვი.
როგორც ამბობენ ხოლმე - ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა თებერვლიდან იწყება.
