„არ უნდა მოვდუნდეთ, ფლორა სახიფათო მეტოქეა“ - დემჩენკოს შეფასება
„იბერია 1999“-ის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფლორასთან“ გამარჯვების შემდეგ (3:2) ესტონეთში გამართული მატჩი შეაფასა.
„კარგად ვითამაშეთ: მოვემზადეთ და ვიცოდით, რას შემოგვთვაზებდა „ფლორა“. რა თქმა უნდა, პირველ ტაიმში უფრო მეტი გოლის გატანა და ყველა კითხვის მოხსნა შეგვეძლო. ალბათ, ქართული მენტალიტეტის გამოვლინებაა, რომ წარმატების შემდეგ თავს მოდუნების საშუალებას აძლევ. ამაზე გვაქვს სამუშაო, რათა მეტოქეს შანსები აღარ დავუტოვოთ.
„ფლორამ“ დაცვითი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ 4 მომენტიდან 2 გამოიყენა, ამიტომ ანგარიშს უნდა გავუფრთხილდეთ და არ მოვეშვათ. „ფლორა“ სახიფათო მეტოქეა, ამიტომ მეორე მატჩისთვის სრული სერიოზულობით უნდა მოვემზადოთ. წითელი ბარათის შემდეგაც კი მათ რაღაც მომენტები შექმნეს, რაც ჩვენ ვერ აღვკვეთეთ. ამიტომ ბიჭებს ისე მოვამზადებთ, თითქოს ეს არა მეორე, არამედ პირველი თამაში იქნება“.
ცნობისთვის, ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში საქართველოს დედაქალაქში ჩატარდება, რომელსაც თბილისის „მიხეილ მესხის“ სტადიონი უმასპინძლებს და მატჩი 14 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.